„ემპათიის” დირექტორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო შემოწმების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას ითხოვდნენ, თუმცა, პენიტენციური სამსახურიდან არაადეკვატური პასუხი მიიღეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის” დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო შემოწმების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას ითხოვდნენ, თუმცა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან არაადეკვატური პასუხი მიიღეს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, სპეციალური პენიტენციური სამსახური ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტთა კვალიფიკაციას, რაც ექსპერტიზის ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობაა.

„გუშინ, საღამოს საათებში, არასამუშაო დროს მივიღეთ ელექტრონული ფოსტით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსის პასუხი ცენტრი „ემპათიას“ მიმართვაზე, რომლითაც ვითხოვდით ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო შემოწმების მიზნით. უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ აღნიშნული დეპარტამენტიდან არაადეკვატური პასუხი მივიღეთ, რომლითაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტთა კვალიფიკაციას. აცხადებენ, რომ მათ აქვთ უფლება, შეამოწმონ ექსპერტის კვალიფიკაცია და აცხადებენ, რომ ზოგიერთ ექსპერტს ჩატარებული აქვს ექსპერტიზა დაწესებულებაში, ზოგს არა. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნები სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს. საქართველოს კანონის თანახმად, პაციენტს აქვს უფლება მოიწვიოს მკურნალი ექიმი და შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება. ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს ექსპერტიზა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტს. შესაბამისად, მათი განცხადება სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი შეფასებით, ეს არის პროფესიულ საქმიანობაზე ზეწოლა. „აღნიშნულ საკითხს პროფესიულ საქმიანობაზე ზეწოლად განვიხილავთ და ექსპერტიზისთვის შემაფერხებელ გარემოებად, რაც ნიშნავს იმას, რომ დროში წელავენ ექსპერტების დაშვებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ყველაფერი ასახული იქნება ჩვენს დასკვნაში. ექსპერტიზა მაინც ჩატარდება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მან მიმართა სახალხო დამცველს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, საკითხის შესწავლა დაიწყონ.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, დაიწყოს ინტერვენცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს არის ექსპერტებზე ზეწოლა და უფლებრივი მდგომარეობის ჭრილში განიხილება უკვე. ასევე მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, ვასაჩივრებთ ამას და მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, რათა აღკვეთოს ის უკანონობა, რაც წერილშია წარმოდგენილი“,-განაცხადა ჯიშკარიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს