ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის

არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი - სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა.

ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს