კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე შემუშავდა განახლებული კონცეფცია, რომელიც ეყრდნობა შემდეგ ძირითად საკითხებს: სწავლება/საგანმანათლებლო საქმიანობა, სტუდენტთა კარიერული განვითარება, კვლევითი საქმიანობა, სწავლების დამხმარე ღონისძიებები, სასწავლო პროგრამების/სწავლების ინტერნაციონალიზაცია.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ახალმა დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა ფაკულტეტის სამომავლო გეგმებსა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. 2022 წლიდან ბიზნესის ფაკულტეტი ეტაპობრივად შეიმუშავებს და განახორციელებს კონკრეტულ პროექტებს ჰარვარდის ბიზნესის სკოლასთან, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებთან, ვორტონის ბიზნეს სკოლასთან და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლასთან სხვადასხვა დონეზე პარტნიორობით. ასევე, ფაკულტეტი წარმოადგენს პარტნიორობის კონკრეტულ პროგრამებსა და მიმართულებებს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: The Financial Times, Business Insider და Bloomberg.

"ფაკულტეტი ასევე დააანონსებს სპეციალურ პროგრამებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საგანმანათლებლო თანამშრომლობით მაგისტრანტებისთვის, რომელიც იქნება სრულად ინოვაციური ქართულ ბაზარზე. ასევე, ბიზნესის ფაკულტეტი განახლებული კონცეფციის ფარგლებში წარმოადგენს სტუდენტური დასაქმების სრულიად ახალ სამდონიან მოდელს, რომელიც დაეყრდნობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი HR კომპანიის წარმატებულ და აპრობირებულ პრაქტიკას.

ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე ცნობილ პარტნიორებთან თანამშრომლობით ამოქმედდება ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი, რომელიც აერთიანებს ხუთ ლაბორატორიას: ფინანსური განათლების ლაბი, ბიზნეს მედია ლაბი, დუალური განათლების ლაბი, მეწარმეობის და ინოვაციების ლაბი, მარკეტინგის ლაბი. თითოეული ლაბორატორია განახორციელებს პროექტებს მჭიდრო თანამშრომლობით ცნობილ და აღიარებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი აბაშიშვილი 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით. 2013 წელს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში გაიარა ბიზნესის კვლევის მეთოდების სპეციალური კურსი, პარალელურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვების საბჭოს წევრი. 2014 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში, ხოლო 2015-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2018 წელს აირჩიეს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 2019-2020 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ხოლო 2020-2021 წლებში GIPA-ს კანცლერი და პროფესორი. პარალელურად, 2020-2021 წლებში იყო USAID-ის მიერ შექმნილი მთავრობის ეკონომიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. 2019 წლის იანვრიდან დღემდე არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა