ნინო ლომჯარია - ამ წუთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იყოს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ლომჯარიამ „მთავარ არხთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები როგორც გლდანის მე-18, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიემართებიან, რათა დადგინდეს, სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

„მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გაიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან, შევეცადე დაკავშირებას ყველა შესაბამის უწყებასთან და პირთან. დაახლოებით ერთი საათის წინ გლდანის ადმინისტრაციამ არ დაგვიდასტურა, რომ პატიმარი იქ იყო, თუმცა ამ წუთის ინფორმაციით, გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, იქ იყოს. ამიტომ ჩემი წარმომადგენლები გზაში არიან და მალე მივლენ გლდანის ციხეში. ასევე, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთდროულად გავუშვი წარმომადგენლები, რომ გადაგვემოწმებინა, მათ შორის გორის საავადმყოფოში, არის თუ არა იქ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ომბუდსმენს დაწესებულების შემოწმება კიდევ ერთხელ მოუწევს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება კონსილიუმის რეკომენდაციებს არ შეესაბამებოდა, თუმცა, მან არ იცის, შეიცვალა თუ არა მდგომარეობა სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

„სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. დღეს მესამე დღე იყო, რაც მან უარი განაცხადა იმ ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღებაზე, რასაც იღებდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ დამძიმდა მისი მდგომარეობა და გახდა ჰოსპიტალიზაცია საჭირო. დანამდვილებით ვერაფერს დაგიდასტურებთ, რადგან დღეს ჩვენ ციხეში არ ვყოფილვართ და პატიმარი არ გვინახავს. გლდანის სამკურნალო დაწესებულება კონსილიუმის რეკომენდაციებს არ შეესაბამებოდა. არ ვიცი შეცვალა თუ არა ბოლო ერთ კვირაში ვითარება. კონსილიუმმა დღეს თქვა, რომ ის მაღალპროფილურ დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი. თუ სააკაშვილი იმყოფება გლდანის ციხეში, მოგვიწევს ხელახლა, ახალი დასკვნის საფუძველზე შევაფასოთ იქ არსებული ვითარება. მაშინ მიმდინარეობდა გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ისევ მოგვიწევს შეფასება, შეესაბამება თუ არა იქ არსებული ინფრასტრუქტურა იმ რეკომენდაციებს, რაზეც დღეს კონსილიუმი საუბრობდა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია