ნინო ბურჯანაძე - გლდანის ციხის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაბამისი სამკურნალო ვითარებაა - მას ექცევიან როგორც პირად პატიმარს და მძევალს

გლდანის ციხის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის შესაბამისი სამკურნალო ვითარება, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან ე.წ. გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მას დაეკისრება.

ბურჯანაძის თქმით, ის, რაც დღეს ხდება, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

მისივე თქმით, მისი პარტიაც კატეგორიულად უერთდება მოთხოვნას, უზრუნველყონ ექიმების მოთხოვნის შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა.

“თუ სახელმწიფოს ის არ შეუძლია, რომ უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება და მრავალპროფილური საავადმყოფოს უსაფრთხოება, ეს კიდევ უფრო უარესი მისთვის და ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება დროულად უნდა მოშორდეს საქართველოს მმართველობას.

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ხელისუფლების პირობებში ვერაფერს გაიგებ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი, მაგრამ იმ ვითარებაში, თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეშია გადაყვანილი ეს კიდევ ერთი სერიოზული და უხეში უგულებელყოფა არის ელემენტარული ნორმების, თუნდაც იმ მოთხოვნის, რაც ექიმებს ჰქონდათ. როგორც კონსილიუმის ყველა წევრი ექიმი, ისე სხვა ექიმებიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ გლდანის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ. გლდანის კლინიკაში პრეზიდენტის არც პირადი უსაფრთხოებაა დაცული და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის შესაბამისი სამკურნალო ვითარება. ასე რომ, ნათელია და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან არავითარ სამართლიანობის აღდგენას არ აქვს ადგილი. ის არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი, მას ექცევიან, როგორც პირად პატიმარს და მძევალს. ეს არ ჯდება ცივილიზებული სახელმწიფოს მოქმედების წესებში”, - აცხადებს ბურჯანაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა