ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიძინა ხასია მისი მეგობრის, ბექა ლატარიას წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას უარყოფს

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიძინა ხასია გამოძიებისთვის მისი მეგობრის, ბექა ლატარიას წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას უარყოფს.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში, დაკავების შემდეგ ხასიასთან ჩაწერილი აღიარებითი ჩვენების ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც ბრალდებული აცხადებს, რომ მას შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ლატარიამ უთხრა, რომ „ძალიან მაგარ შარშია და რომ ვიღაცას ესროლა“. ხასიას თქმითვე, ლატარია გზაში ტელეფონზე ვიღაცას ურეკავდა, ლაპარაკის ხმა კი მას არ ესმოდა.

დაკავებულის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მას ბიძინა ხასიამ უთხრა, რომ რასაც პოლიციელები ამბობდნენ, იმას იმეორებდა. ადვოკატი ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზას ჩაუტარებს.

„ბიძინა ხასია მეუბნება, რომ ჯერ დაკავებისას, შემდეგ პოლიციაში სცემეს. აღიარებით არ მიღიარებია, მოვყევი ის, რაც სიმართლე იყოო, ლატარია მართლა მივიყვანე, დავტოვე ასათიანის ქუჩაზე და არა გაზაფხულის ქუჩაზეო. დაახლოებით, 23:00 საათზე დამირეკა და წამოვიყვანეო, მკვლელობა კი ღამის 00:20 საათზე მოხდა. წამაკითხეს, რაც დავწერე და იქ მსგავსი არაფერი ეწერაო, მერე ხელი რაზე მომაწერინეს, აღარ წამიკითხავსო. თვითონ არ გამორიცხავს, რომ ფურცლები შეუცვალეს.

რაც შეეხება ვიდეოს, ხასია აცხადებს, რომ ნამდვილად არ ვიცოდი იღებდნენ თუ არაო, არ შემიმჩნევიაო, მე მათ ნათქვამს ვიმეორებდიო და შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩამიწერეს და მიაბეს და ისე გამოიყვანეს, როგორც გამოვიდაო. მე რომ მეღიარებინა, რომ ჩემმა მეგობარმა ასე მითხრა, ვესროლე და შარში ვარო, არ ყოფილაო. მოკლედ, ეს ვიდეოჩანაწერი შესამოწმებელია. ექსპერტიზას ჩავატარებთ არის თუ არა მონტაჟი. რას ამბობს იცით? როცა მეუბნებოდნენ, ასე თქვიო და ვიმეორებდი, ვკითხე, ტყუილი რაში გჭირდებათ-მეთქი - გამორიცხული არ არის, რაღაც მონაკვეთი ამოიღეს, როცა მათ მოყოლილს და მათ მოწოდებულ ვერსიას ვიმეორებდიო“, - აცხადებს ჭაბაშვილი.

მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის ჩადენას უარყოფს და როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ის აღნიშნავს, სჯერა იმის, რაც ბიძინა ხასიამ სასამართლო პროცესზე თქვა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, მას დანაშაული არ ჩაუდენია. რაც შეეხება ბიძინა ხასიას, როცა ის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე იყო, იგივე განაცხადა და თქვა, რომ დანაშაული არ აქვს ჩადენილი და მის მიმართ ძალადობა განხორციელდა. შესაბამისად, რა მოხდა დაკავების დროს, ვინ რა წესით მოიპოვა ჩვენება, ეს დასადგენია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ლაღიძემ.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობას და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის