ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ - ხელისუფლებამ ცირკი მოაწყო

სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ - ხელისუფლებამ ცირკი მოაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, „ხელისუფლების მიზანი იყო, რომ სააკაშვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფილიყო“.

„სააკაშვილის მოტაცება შეგვიძლია წამებად და არაადამიანურ მოპყრობად დავაკვალიფიციროთ. ხელისუფლების მიზანიც ეს იყო, როდესაც აანონსებდა, რომ გლდანის დაწესებულებაში უნდა მომხდარიყო მისი ჰოსპიტალიზაცია. ეს დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მას სათანადო სამედიცინო სერვისებით, ამაზე კონსილიუმმა განსაზღვრა კრიტერიუმები, შემდეგ სახალხო დამცველმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ეს დაწესებულება კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა. მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არის ძალიან მაღალი რისკი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ხელისუფლების ნაბიჯები მიუთითებს, რომ მისი მიზანი ის კი არაა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს დაცული, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილმა დაამძიმოს ისედაც მძიმე ფორმა შიმშილობის, გაამკაცროს ეს ფორმა, რასაც ყველამ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სააკაშვილის უფლებადამცველებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადაყვანა ხდებოდა.

„პენიტენციურმა სამსახურმა დღეს არ მოგვაწოდა არანაირი ინფორმაცია, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა ხდებოდა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, ჩვენ დავუკავშირდით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს, რომელმაც უარყო ინფორმაცია და თქვა, რომ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია. გვითხრა, რომ მის გარეშე გადაყვანა ვერ მოხდებოდა და თუ ასეთი რამ დაიგეგმებოდა, აუცილებლად შეგვატყობინებდნენ. თუმცა ვნახეთ, რომ ოპერაცია ჩაატარეს უღირსი, არაჰუმანურობით განმსჭვალული, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება ასხივებდა. სააკაშვილის დაკავების შემდეგ ხელისუფლება ასხივებდა ორ რამეს - სიბოროტეს და შიშს.

მოვედით იმისთვის, რომ სააკაშვილთან შეხვედრა მოვითხოვეთ. წარმოდგენა არ გვაქვს, მოგვცემს თუ არა პენიტენციური სამსახური ამის შესაძლებლობას. იმდენად არაადეკვატურები არიან, შეუძლებელია პროგნოზი გავაკეთოთ, შეგვიშვებენ, თუ არა“,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში დღეს გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა