„ბუსტერ" დოზის გამოყენება 18 წლის ზემოთ პირებისთვის შესაძლებელი იქნება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

მისივე, განმარტებით, "ბუსტერ" დოზების გამოყენება დაიწყება ხვალიდან, როდესაც ეს შესაბამის ბრძანებაში აისახება.

„მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ მიიღო, შეეხება "ბუსტერ" დოზების გამოყენების წესს. "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა "ბუსტერ" დოზისთვის ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზით "ბუსტერ" დოზა, რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება. არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, "ბუსტერ" დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან.

დღემდე „ბუსტერ“ დოზით აცრილია, დაახლოებით, 3500 პირი. ჯერჯერობით 6 თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია „სინოვაკით“, „სინოფარმით“ და შემდეგ „ფაიზერით“. უფრო დიდი ნაკადი მოსალოდნელია დეკემბერში და განსაკუთრებით, იანვარში, რადგან ზუსტად ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე გავა 6 თვე „ფაიზერის“ მეორე დოზით აცრიდან,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში, ასევე ვაშინგტონის ოფისიდან კოლეგები, რომლებიც ჩაერთვნენ იმისთვის, რომ გაეცნოთ უახლესი რეკომენდაციები ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირებისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა