DRI - მესამე პრეზიდენტის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ უერთდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებას და მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 8 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის იძულებით გადაყვანა სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციას და მათ შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს.

„2021 წლის 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს განუცხადეს, რომ იგი რეგულარულ სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რის შემდეგაც მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დაწესებულების თანამშრომლებმა იგი იძულებით გადმოიყვანეს მანქანიდან და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ციხეში გადაყვანისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაექვემდებარა პატიმართა მხრიდან არაერთ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ განცხადებებს, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

არაადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა თავისთავად წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას. აღნიშნულის ფონზე შემაშფოთებელია, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც არასათანადოდ აღჭურვილი - საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს კონსილიუმის დასკვნით განსაზღვრული ყველა საჭირო სერვისის მიწოდება.

მიხეილ სააკაშვილის არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და იძულება, დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას მისთვის ღირსების შემლახავ გარემოში, შესაძლოა შეფასდეს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევად ჩაითვალოს.

კონვენციის მესამე მუხლთან მიმართებით, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, განსაზღვროს, არსებობს თუ არა რისკები პატიმარი დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას და ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა სათანადო გონივრული ზომა ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, მითითებულ დაწესებულებაში მოტყუებით გადაყვანით, სახელმწიფომ განზრახ და მიზანმიმართულად დაარღვია საკუთარი პოზიტიური ვალდებულება, აღმოუჩინოს პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური იძულების მეთოდების გამოყენება; არასათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, სადაც არსებობს მისი უსაფრთხოების, სიცოცხლის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხელყოფის მუდმივი რისკები; ასევე, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკიდურეს პოლიტიზაციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა