ნიკა გვარამია - იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი იპარავდა მტკიცებულებას, რადგან იცოდნენ ინსპექტორის წარმომადგენელი შედიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი დაუძლურებულია და ყოველ წუთს შეიძლება მისი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან განუცხადა, ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით 50/50-ზე ალბათობით ლატარიას თამაშობს.

მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია და პირდაპირ გეტყვით, პროგნოზირებას უკვე ვეღარ გავაკეთებ. ის ვითარებაა, სადაც ადამიანი არ იღებს კალციუმს და ცილებს, იღებს მხოლოდ გლუკოზას. კალციუმის და ცილების დრამატულმა დაცემამ შეიძლება წამიერად გამოიწვიოს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე სიარული, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე სიარული. ლატარიას თამაშობენ 50/50-ზე ალბათობით“, - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს სასამართლოში დასწრებას.

„ძალიან მაინტერესებს ციხის ადმინისტრაცია უარს როგორ ეტყვის დასწრებაზე. თუ მას 5 სართულის ჩამოსვლა შეუძლია და აქ სკამზე დაჯდომა საათების განმავლობაში და ლაპარაკი, როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს. რაც შეეხება მის პირად უსაფრთხოებას, აქ მისი პირადი უსაფრთხოება ძალიან მძიმედ გარღვეულია და არა მგონია, მეორე ადგილი არსებობდეს ამ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება ასეთი საფრთხის ქვეშ იდგეს, როგორც აქ. ასევე ვკითხე მას ექიმების კომპეტენციასთან დაკავშირებითაც და ეჭვი გვაქვს, რომ მთელი ეს მედპერსონალი სააკაშვილის შემოყვანის წინ ჩაანაცვლეს სუს-ისთვის სანდო ექიმებით, რომლებიც როგორი ექიმებიც არიან არავინ იცის. მთავარი ექიმის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბავშვის გატაცებისთვის არის მსჯავრდებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის საგამოძიებო დეპარტამენტი დღეს იპარავდა მტკიცებულებას იმიტომ, რომ მათ იცოდნენ ინსპექტორის წარმომადგენელი შემოდიოდა ტანსაცმლის ამოსაღებად, რათა შეემოწმებინათ. იუსტიციის სამინისტრომ კი დაასწრო და დაიწყო ამოღების პროცესი. სააკაშვილი კი შეცდომაში შეიყვანეს, რომელსაც ეძინა და გააღვიძეს. გამოაქვეყნონ ამის ვიდეო, რამდენად ადეკვატურია იქ სააკაშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს ინსპექტორის ხალხია და მოუწერა ხელი. მოგვიანებით კი, მან ტელევიზიით გაიგო ვინ იყვნენ ეს ხალხი, წაართვა ტანსაცმელი და აღარ შედგა საპროცესო მოქმედება. ტანსაცმელს ხვალ ამოიღებს ინსპექტორი“, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო