ადვოკატი - გავხდით მომსწრე, რომ ხდება გინება, ლანძღვა, რაც მიხეილ სააკაშვილს ესმის  როგორც საკანში, ასევე ეს ხმაური არის აღქმადი შეხვედრების ოთახში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, სააკაშვილი განიცდის ფსიქიკურ ტერორს, რადგან მას, ადვოკატის ინფორმაციით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც უფლებადამცველმა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოება ბოლომდე არ არის დაცული.

„რეალურად, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ, რადგან 24 საათის განმავლობაში, როგორც მან განგვიცხადა და ჩვენი თვალით გავხდით ამის მომსწრე, ხდება შეურაცხმყოფელი მოხსენიება, მისი გინება, ლანძღვა და ა.შ. ეს მას ესმის, როგორც მის საკანში, ასევე შეხვედრების ოთახში ეს ხმაური არის აღქმადი და ხელისუფლების ერთ-ერთი მიზანი ეს იყო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ამ პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაცული იქნება, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისითაც.

ჩვენ გვახსოვს იუსტიციის მინისტრი, როდესაც საუბარი იყო ნომერ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ამბობდა, რომ არანაირი საფრთხე იქ არ შეიქმნებოდა, ზუსტად ეს განცხადება გაკეთდა იმ ფაქტებზე კომენტირებისას, რაზეც სახალხო დამცველიც საუბრობდა, რომ არსებობდა ხმაურის მოწყობის შესაძლებლობა. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებდა, რომ არ იქნებოდა არანაირი საფრთხე, თუმცა, ვხედავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეს მიმდინარეობს განუწყვეტლივ, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ფიზიკური უსაფრთხოება გლდანის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე დასწრებას შეძლებს, თუმცა, როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას ყოფილი პრეზიდენტის საზოგადოებაში გამოჩენა.

მიხეილ სააკაშვილი, მისი დაკავების დღიდან, ითხოვს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. ჩვენ გვაქვს არაერთი წერილობითი მოთხოვნა ჩაბარებული სასამართლოსთვის და თითქმის ყოველ დღე ზეპირად ვაკეთებთ ასეთ განცხადებას. თუმცა, ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ არ ჩანიშნა არცერთი სასამართლო პროცესი. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დაგვიანონსა, რომ მისი „რეკომენდაციაა,“ 10 ნოემბერს სასამართლოში ჩასატარებელი პროცესი, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული, ვიდრე სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა, არ უნდა გამართულიყო სასამართლოს შენობაში. ამის შემდეგ ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ უნდა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში და შესაბამისად, დარბაზში მოხდეს პროცესის ჩატარება, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ იუსტიციის სამინისტრო არ მოახდენს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას და შეეცდება ხელოვნური მიზეზის მოფიქრებას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საზოგადოებაში და არ ჰქონდეს საზოგადოებას შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია და გზავნი მისგან.

საქმის განხილვა არის ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და გრძელდება. რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ ვერა, მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესში მონაწილეობის მიღებას, დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ის შეძლებს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას. არ ვიცით როდის შეიძლება დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს დამძიმება. ზუსტად ვერ ვიტყვით, თუმცა, დღეს რა კონდიციაშიც იყო, ის შეძლებს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა