„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების განსახლების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარტვილში 5-7 ნოემბერს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში მათი საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა და ამ პროცესში პოლიციამ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესები.

„პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ გამოსახლების პროცესის კანონიერება შეემოწმებინა და იძულების ქვეშ მყოფი სასულიერო პირების უსაფრთხოება და იურიდიული ინტერესები დაეცვა, მათი ნაწილი თვითნებურად დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამის განმარტებებიც კი არ მისცა. ჩვენი დაკვირვებით, ჭყონდიდის ეპარქიაში კრიტიკული აზრის მქონე სასულიერო პირების მიმართ მოპყრობამ სისტემური დევნის ხასიათი მიიღო. თუმცა, სამწუხაროდ, საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში შექმნილ კრიზისზე სათანადო რეაგირებას არ ახდენს და ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დანიშნული ლეჩხუმისა და ცაგერის ეპისკოპოსი სტაფანეს რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც მრევლის შიგნით დაძაბულობის მიზეზიც ხდება, ეკლესიის ადმინისტრაციის მხრიდან სრულად არის შეწყნარებული. ამ პროცესში ყველაზე პრობლემურია ადგილობრივი პოლიციის როლი, რომელიც ვერ ახერხებს კანონის მიუმხრობელი დამცველის როლის შესრულებას და განკვეთილი სასულიერო პირების მიმართ ძალადობისა და დევნის ფაქტებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებას დემონსტრაციულად არ ახდენს. საეკლესიო ძალაუფლებასთან სახელმწიფო ინსტიტუტების შეზრდა, აშკარა ლოიალობა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა, ბოლო წლებში ჩვენი პოლიტიკური სისტემის ნიშანი გახდა. პრობლემურია სალხინოს მონასტრიდან სასულიერო პირების გამოსახლების კანონიერების საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ სალხინოს მონასტრის შენობა საპატრიარქოს ბალანსზეა აღრიცხული, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს გამოსახლების წინასწარ დადგენილ სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივ პროცედურებს, რომელთა დაცვის გარეშე გამოსახლების პროცესის ორგანიზება დაუშვებელია და უკანონო შინაარსს იღებს.

მოქმედი კანონმდებლობის პერსპექტივიდან ცალსახაა გამოსახლების პროცედურის დარღვევა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მხრიდან. საკუთარი ტრადიციული კელიებიდან ბერების გამოსახლება მოულოდნელად, იძულებით და ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის შეთავაზების გარეშე, სამართლებრივ პრობლემასთან ერთად, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და შავი სამღვდელოების სოციალური დაცვისა შიდა საეკლესიო პოლიტიკის კრიტიკის საფუძველი შეიძლება ხდება. სამწუხაროდ, პოლიციამ უკანონო გამოსახლების შეკავება და ამ პროცესში სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა ასევე არ უზრუნველყო,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, განკვეთილი სასულიერო პირების დევნის ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები; ასევე, მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 5-7 ნოემბერს მიმდინარე მოვლენების დროს დევნისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე; ხოლო საქართველოს საპატრიარქომ გაიაზროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების მძიმე სოციალური შედეგები მრევლისთვის და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოებისთვის და მიიღოს ყველა ზომა ეპარქიაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის; დაიცვას ბერებისა და მონაზვნების სოციალური ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა