მიხეილ სარჯველაძე - ბატონ უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს გამართლება არა აქვს - ეს არის ის, რაც არც ახსნას, არც გამართლებას და მეტიც, არც პატიებას ექვემდებარება

ბატონ უგულავას გუშინდელ სისაძაგლეს გამართლება არა აქვს - ეს არის ის, რაც არც ახსნას, არც გამართლებას და მეტიც, არც პატიებას ექვემდებარება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. როგორც სარჯველაძემ განაცხადა, არა თუ პოლიტიკასა და სახელმწიფო მმართველობას, არამედ ომსაც თავისი წესები აქვს, მაგრამ „სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს წესები არაფრად მიაჩნიათ“.

„ეს ძირითადად, ხელმოცარული, ვერშემდგარი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც მხოლოდ ისტორიული უსამართლობის შედეგად აღზევდებიან ხოლმე. სამართლიან გარემოში მათ აქვთ ტრაგიკული ბედი. ეს ტრაგიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ვერაფრით ახერხებენ საზოგადოების არა თუ კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ უბრალოდ ყურადღების მიქცევასაც კი. ეს ხალხი, როდესაც დასაშვები ხერხები არ კმარა, ცდილობენ ყურადღების მიქცევას დაუშვებელი მეთოდებით.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ ერთი ასეთი კლასიკური შემთხვევა, რომელმაც გაბედა და გაილაშქრა საკუთარ ოპონენტად აღქმულ სამართალდამცველზე, მის ოჯახსა და არასრულწლოვან შვილებზე, რაც მართლაც საგანგაშო და საყურადღებოა.

ეს არის სისაძაგლე, რადგან ყველა - მისი ჩათვლით, მთელი სიცხადით ხვდება ამ საქციელის ბარბარობას და ამორალობას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, ასევე ოპოზიციას მიმართა მოწოდებით, ერთმნიშვნელოვნად, ცხადად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე უგულავას საქციელი დაგმონ. მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები და გამოხტომები ქართულ პოლიტიკაში არ გვხვდებოდეს.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ის რაც გუშინ აქციაზე ითქვა, მტკნარი ტყუილი და აბსოლუტური სიცრუე იყო.

„ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არაფერი იმ ნათქვამიდან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ადამიანი, ვისზეც ბატონი უგულავა საუბრობდა, არის კაცი, რომელიც არის სამართლის დამცველი ამ ქვეყანაში, სამართალდამცავ უწყებას წარმოადგენს და სწორედ სამართალია ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს კი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის, ეს სამართალი, უსაფრთხოება, მშვიდობა, წინსვლა და განვითარება უგულავას მსგავს კრიმინალებს უქმნის დისკომფორტს ამ ქვეყანაში და ამიტომაც ებრძვიან ამას.

იმავე ბავშვებს მივმართავ, ასევე მათი მეგობრების გასაგონად ვამბობ, რომ თქვენ უნდა გეამაყებოდეთ, რომ ბრძანდებით სამართალდამცველის შვილები. ასე არ ფიქრობს ბატონი უგულავა, მაგრამ საბედნიეროდ ამ ქვეყნის უმრავლესობას ჯანსაღი შეხედულებები აქვს. დიახ, სამართალდამცველობა ნამდვილად პატივსაცემი საქმეა და არავის აქვს უფლება საკუთარი სიბინძურით და უწმინდურებით გასვაროს იგი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა, რომელმაც მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი", - განაცხადა უგულავამ. მოგვიანებით, უგულავამ ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო