თინა ბოკუჩავა - ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ, პოლიტიკური თამაშია და ივანიშვილს იმდენად ეშინია, რომ ის გადამალა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ „პოლიტიკური თამაშია“ და „ივანიშვილს იმდენად ეშინია, რომ ის გადამალა“.

როგორც ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სასამართლოზე სააკაშვილის არდასწრებით სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა.

„ტექნიკურად რომ ვთქვათ, მოსამართლემ მოითხოვა მისი დასწრება და პროკურატურამ თქვა უარი, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ რეალურად, ეს ერთი პოლიტიკური თამაშია და აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეეხება, გადაწყვეტილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილის იღებს. არ გამკვირვებია, რომ მას არ აძლევენ სასამართლოზე დასწრების უფლებას იმიტომ, რომ ივანიშვილს პანიკურად ეშინია სააკაშვილის კამერებთან და საკუთარ ხალხთან გამოჩენის. სწორედ ამ პანიკურმა შიშმა განსაზღვრა ის, რომ არ გადმოიყვანეს სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. სამართლიანი სასამართლო რომ აღარ არსებობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სასამართლოს უფლება ფორმალურად მაინც რომ იყოს შენარჩუნებული, მას უნდა ჰქონდეს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა. მაგრამ ივანიშვილს იმდენად ეშინია, ის გადამალა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან არსებულ ჰოსპიტალში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ფორმალობაა.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით Amnesty International-ის განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „სააკაშვილის მიმართ ბრალი და მსჯავრი პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„ეს არის სრული ფარსი, ფორმალობა, ამ პროცესს არაფერი საერთო სასამართლოსთან და სამართლიანობასთან არ აქვს. ეს ყველას კარგად ესმის. ასევე Amnesty International-განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ბრალი და მსჯავრი პოლიტიკურად მოტივირებულია და ის არის პოლიტიკური პატიმარი. შესაბამისად, სასამართლოში, რომელსაც ივანიშვილი იყენებს, როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტს, ვერ გვექნება მოლოდინი, რომ თუნდაც ერთი მოსამართლე, რომელიმე საქმეზე დამოუკიდებლობას, კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს გამოიჩენს. ისინი უბრალოდ ასრულებენ და შეასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ესეც შეიცვლება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა