ირაკლი ქადაგიშვილი - დიახ, ჩვენ გვეშინია, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოება

დიახ, ჩვენ გვეშინია იმის, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც , - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენის ეშინია და სწორედ ამიტომ არ უზრუნველყვეს მისი დასწრება სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, ყველასათვის არის ცნობილი, იმ მიზეზებისა და რისკების შესახებ, რის გამოც, სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესზე, დარბაზში დასწრების საშუალება არ მიეცა.

"პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მისი ბადრაგირება რისკებთან იყო დაკავშირებული. რა რისკებია, ვიცით, რადგან სუს-ის განცხადება იყო, რადგან სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და განცხადებებიც მოგვისმენია, როგორ უნდა მოხდეს პიკეტირება.

დიახ, ჩვენ გვეშინია იმის, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის უსაფრთხოებაც და საზოგადოებრივი უსაფრთხოებაც. ჩვენ გვეშინია იმის, რომ აღვირახსნილი კამპანია, რომელსაც ოპოზიცია და მისი იდეოლოგიური მანქანები ეწევიან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის მიზანია ქვეყანა კონსტიტუციურ დღის წესრიგს ააცილონ. ჩვენ სწორედ ამის პრევენციას ვახორციელებთ და გვეშინია კი არა, ვზრუნავთ იმაზე, რომ ოპოზიციის დესტრუქციული მიზანი რეალობა არ გახდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, როგორც ქადაგიშვილი ამბობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მას "კვების განსაკუთრებული რეჟიმი აქვს".

"როცა პატიმრის უფლების შეზღუდვაზე ვსაუბრობთ, მაინტერესებს, იზღუდებოდა თუ არა პატიმრის უფლება, ღირსება, ასევე ხდებოდა თუ არა პატიმრით მანიპულირება, როცა 35 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ადამიანი ყოველდღიურად კვდება, კვდება, კვდება და შიმშილობა, რომელსაც ის ახორციელებდა, იყო მომაკვდინებელი და აბრალებდნენ ხელისუფლებას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მომხრე არ არის. 35 დღის თავზე, პენიტენციური სისტემა იძულებული გახდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მადლობა ღმერთს, ეს ადამიანი არ კვდება, მას აქვს კვების განსაკუთრებული რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს მის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და არანაირი ლეტალური შემთხვევის დადგომაზე საუბარიც კი არ არის. მას მუდმივად კონსიულიუმი აკვირდებოდა. სწორედ ეს არის ყველაზე ამორალური, როცა საზოგადოებას აბულინგებ, სიტუაციას ძაბავ, რევოლუციურ მდგომარეობის შექმნისთვის იყენებ პატიმრის მდგომარეობას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო