Rugby World Georgia - საქართველოში გამოვა

საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Rugby World – მსოფლიოს გლობალური, წამყვანი სარაგბო ჟურნალია, რომელიც ბრიტანული გიგანტი მედია-კომპანიის, Future plc შემადგენელი ნაწილია.

„ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ლონდონი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქიცაა. ამიტომ, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ასევე დიდი პატივია ისეთი დონის გიგანტ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Future plc-ია. საქართველოს რაგბის კავშირი, რაგბის ჟურნალისტთა ლიგა და კომპანია „ფიუჩერ ჯორჯია“ ჟურნალ Rugby World GEORGIA-ს გამოცემას იწყებს.

Rugby World – მსოფლიოს გლობალური, წამყვანი სარაგბო ჟურნალია, რომელიც ბრიტანული გიგანტი მედია-კომპანიის, Future plc შემადგენელი ნაწილია. Future plc 1985 წელს დაარსდა და სხვადასხვა სფეროს 150-ზე მეტ ჟურნალს და ვებ-გამოცემას აერთიანებს (იხ.: https://www.futureplc.com). ჟურნალისტთა ლიგა სპორტულმა ჟურნალისტებმა – თემურ ჯაფარიძემ, ზაალ გიგინეიშვილმა, ბესიკ ჯანგავაძემ, ზურა ქსოვრელმა და ლუკა ჭოჭუამ დააფუძნეს. ამ ადამიანების ღვაწლი საქართველოში რაგბის პოპულარიზაციის საქმეში შეუფასებელია. ისინი დღესაც რაგბის სამსახურში არიან.

მათ მიერ დაფუძნებული ორგანზაცია, ფიუჩერ ჯორჯიასთან – რომლის დირექტორიც დავით სამსონაძეა და საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად გამოსცემენ ჟურნალს, რომელიც რაგბის გულშემატკივარს ქართული და საერთაშორისო რაგბის შესახებ, მიმდინარე და ანალიტიკურ სტატიებს ქართულ და ინგლისურ ენებზე შესთავაზებს. მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, დაახლოებით 100 გვერდიანი გამოცემა კვარტალში ერთხელ გამოვა. მის ბეჭდვას, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებას მედია ჰოლდინგი „პალიტრა“ უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ასევე შეიქმნება Rugby World GEORGIA-ს ციფრული გამოცემები.

ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ ხელს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და Future plc-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა ბრენდონ ბესტერმა „თბილისი მერიოტში“ მოაწერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის თქმით, ორენოვანი ჟურნალი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში არსებულ სარაგბო აუდიტორიას და ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საერთაშორისო ასპარეზზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გამოცემული ორენოვანი ჟურნალი მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც საქართველოში არსებულ სარაგბო აუდიტორიას და დააკმაყოფილებს მათ წყურვილს, ასევე ითამაშებს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ასპარეზზე – ქართული სპორტის, კულტურის და ბიზნესის პოპულარიზაციაში. რამეთუ ეს სივრცე ატარებს როგორც საინფორმაციო საგანმანათლებლო დატვირთვას, ასევე საუკეთესო საშუალებაა წარმატებული ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მიზნობრივ ჯგუფებამდე მისატანად“, - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ, ტყემალაძემ ბესტერს სამახსოვროდ ქართული სპორტის „ოქროს წიგნი“ გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ქართული რაგბის ერთ-ერთი ფუძემდებელი გივი მრელაშვილი, რომელმაც სტუმარს ასევე სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

„დიდი მადლობა „ფიუჩერ ჯორჯიას“, რაგბის ჟურნალისტთა ლიგას და რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი სტუმარი და შევხვდე ქართული რაგბის ოჯახს“, – მიესალმა ქართულ მხარეს ბრენდონ ბესტერი.

შეხვედრაზე იყვნენ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ქალბატონი კლერ ოლბლესი, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, გამგეობის წევრები და ვეტერანი ბორჯღალოსნები.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედია ჰოლდინგ „პალიტრას“, რომელიც წლებია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრი ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადავდივართ. ერთად მოხდება Rugby World GEORGIA-ს გამოცემა, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხით ბეჭდვას და გავრცელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რომ არა ეს მხარდაჭერა ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ წამოწყების განხორციელება“, – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ალავიძემ.

სარაგბო ჟურნალის გამოცემას რაგბის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ვეტერანი ბორჯღალოსანი გია ლაბაძე:

„როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი წინამორბედი და შემდგომი თაობები სწორედ იმისკენ მივისწრაფოდით, რომ მსოფლიო რაგბში დაგვემკვიდრებინა ადგილი და ეს ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით. იმისათვის, რომ პროგრესი გქონდეს, აუცილებელია გაშუქება იყოს შესაბამისი. ამას მოსდევს პოპულარიზაცია, რაც შემდგომში ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია“, - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო