აზიის განვითარების ბანკი - 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) დღეს დამტკიცებული 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას მოხმარდება.

“საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიამ,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას.

"ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს. პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები.

პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ADB-ის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი რამოლა ნაიკ სინგრუ ამბობს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე, მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ხელსაყრელი პოზიცია აქვს კოვიდ-19-ის შემდგომ გლობალური ტურიზმის მიმართულებად იქცეს.

"ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს იქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად და გააძლიეროს ტურისტული შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის. პროექტი ასევე გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სასწავლო პროგრამების გზით. საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“