გედევან ფოფხაძე - რასაც სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს უკეთებს, ეს არის შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე

სააკაშვილის უკან დგას ქართველი ამომრჩევლის 30% და მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არათუ ციხეში არ უნდა იჯდეს, არამედ ხელისუფლებაში უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ ციხეში უკანონო მოპყრობა ხორციელდება.

„ხაზს ვუსვამ, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი. მოინანია თუ არა, ჩემთვის მისი პოლიტიკური საქმიანობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის პირდაპირ დაკავშირებული ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან და უკანონობასთან, მაგრამ მეორე მხრივ, მის მიმართ ხორციელდება იგივე.

რასაც სახელმწიფო სააკაშვილს უკეთებს, ეს არის შურისძიება პოლიტიკურ ოპონენტზე. ხელისუფლება ხედავს თავისი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს და სააკაშვილს სწორედ ასეთად განიხილავს. არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება, მე თუ თქვენ. არ მოეწონება ხელისუფლებას ჩვენი არასწორი შეხედულებები - როგორც სააკაშვილს ექცევიან, ისე მოგვექცევიან ჩვენც. არავინ იმსახურებს უკანონო და არაადამიანურ მოპყრობას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

როგორც ყოფილმა დეპუტატმა თქვა, მან გარანტირებულად იცის, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.

"ახალ ხელისუფლებას ისევ გაუჩნდება იმის განცდა, რომ თუ ამათ დროს შეიძლებოდა ასე მომქცეოდნენ, მე რატომ არ უნდა მოვექცე ასე - ეს არ დამთავრდება. ეს იქნება საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტი.

საპატრიარქო, ხელისუფლება და პოლიტიკოსებიც თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესთან მიმართებით ნათლად უნდა იაზრებდნენ და მნიშვნელოვნად უნდა ხედავდნენ, რომ სააკაშვილთან მიმართებით როგორც მოიქცევა სახელმწიფო, ამას ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. ამას სააკაშვილის მომხრეებიც უყურებენ და ჩვენც ვაკვირდებით, ვისაც შეიძლება სააკაშვილის პოლიტიკური შეხედულებები არ მოგვწონს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მის მიმართ სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება არის ტესტი ამ სახელმწიფოს მხრიდან.მე უკვე ვიცი, რომ არ ვცხოვრობ სამართლებრივ სახელმწიფოში. შესაბამისად, არ მგონია, რომ მათ ვინმეს დასჯის უფლება ჰქონდეთ, რადგან საქართველოში არსებული ყველა ინსტიტუტი ემსახურება არა კანონს და ხალხს, არამედ ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის მაგალითიც ახსენა.

„როდესაც ჩვენ 2012-ში ამნისტია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვიწყია იმ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების და მორალის შეფასება. ჩვენ 14 000 ადამიანი გამოვუშვით ციხიდან, რადგან ჩავთვალეთ, რომ სააკაშვილის ციხეებში ამ ადამიანებს არასწორად ექცეოდნენ. თუ დღეს ეს ხელისუფლება სააკაშვილს მოექცევა არაადამიანურად, ხალხი ამ ქვეყნის ღირსებიდან გამომდინარე არის ვალდებული დააყენოს მისი გათავისუფლების საკითხი. პატიმარი ციხეში ან იხდის კანონით დადგენილ სასჯელს, ან თუ მის მიმართ ხორციელდება რაღაც ისეთი, რაც კანონით არ განსაზღვრულა და მას აზიანებს, ვალდებული ვართ, რომ ასეთი პატიმარი მოძალადე ხელისუფლებას წავართვათ.

ხელისუფლებამ თავის მთავარ დამსახურებად გამოაცხადა „ნაციონალების“ გაშვება და ახლა სააკაშვილის დაჭერა. ყველაფერი იმაზე დახურდავდა, რომ თურმე ჩვენ ბედნიერი უნდა ვიყოთ ამით. ვიღაც თავის ოჯახის წევრს საჭმელს რომ ვერ მიუტანს სახლში, ტელევიზორს რომ ჩართავს, ბედნიერი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილი ხომ ზის და ამით უნდა იყოს ბედნიერი. მიუხედავად იმისა, რომ არის უმუშევრობა, ხალხი უცხოეთში მიდის სამუშაოს საძებნელად, ყველა ვგრძნობთ რომ ამ ქვეყანაში დეპრესიაა და გაუსაძლისია ცხოვრება, მაინც ბედნიერი უნდა ვიყოთ, რადგან სააკაშვილი გვყავს ციხეში და თუ იმას იქ დაჩაგრავენ და საერთოდ გალახავენ და მოკლავენ, კიდევ უფრო ბედნიერი უნდა ვიყოთ. ეს ატმოსფერო შექმნა ხელისუფლებამ და მთელი თავისი არსი, მიზანი და დანიშნულება განსაზღვრა იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი გაანადგუროს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო