ხატია დეკანოიძე - კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება

დღევანდელი კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილების არის ეს ხელისუფლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის „ამაზრზენი ხელისუფლების ამაზრზენი ქცევა“.

„ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მოუწოდა, გაასაჯაროვეთ და მოგვწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ასეთი კადრებით უპასუხეს მათ ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, ეს იყო სადისტური ქცევა, როდესაც პრეზიდენტის მიმართ ძალა გამოიყენეს.

„მათ კადრები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაავრცელეს, რომ ზუსტად იცოდნენ, ეს კადრები აუცილებლად ადრე თუ გვიან, გასაჯაროვდებოდა, ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ. შესაბამისად, მოვლენებს დაასწრეს. ეს არის ამაზრზენი ხელისუფლების ამაზრზენი ქცევა“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს