მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც პატიმარი იძულებით გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში და ამ ფორმით? - ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტე

სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება სააკაშვილზე ძალადობა, სადაც მას შემოხეული აქვს ტანსაცმელი. ამ კადრების გავრცელებით, ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მის საქმესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილმა მიმართოს შიმშილობაზე უფრო რთულ პროტესტის ფორმას.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მათ ერთ-ერთ მთავარი ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმის შექმნაა, რომელსაც სრული ინფორმაცია ექნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ის არის ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. რაც შეეხება სასამართლოს მოწოდებას, რეალურად ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნას დაცული, ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც, თუმცა, დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ხდება ძალადობა სააკაშვილზე, სადაც მას შემოხეული აქვს ტანსაცმელი. რეალურად, ცხადია, რომ ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა. ამის უკან მდგომი მიზანია, რომ სააკაშვილმა არა თუ შეწყვიტოს შიმშილობა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცროს პროტესტის მძიმე ფორმა, დაკავების დღიდან ის შიმშილობს.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა, რომ ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანეთო. რეალურად, მოხდა სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. გინახავთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პატიმარი, იძულებით გადაჰყავდეთ სამკურნალო დაწესებულებაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხორციელდა?! - ეს არის არაჰუმანიზმის გამოვლინება და სიბოროტე, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია უკვე ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი შეეცადა, თითქოს ისინი კონსტრუქციულები არიან და მეორე მხარე დესტრუქციული მოქმედებებით და განცხადებებით გამოირჩევა, სრული აბსურდია. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომ საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს შევიდეს მასთან, ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები და ამ ფონზე, გვაქვს სრული ინფორმაციული ვაკუუმი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს