ანა დოლიძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ე.წ. ჰიბრიდული მოდელით - შეიქმნას პალატა, სადაც საქმეს განიხილავენ მხოლოდ ჰააგის სასამართლოდან ჩამოყვანილი მოსამართლეები

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებს და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასამართლდეს ე.წ. ჰიბრიდული მოდელით, რაც გულისხმობს სპეციალური პალატის შექმნას, სადაც საქმეს მხოლოდ საერთაშორისო სისხლის სამართლის, ჰააგის სასამართლოდან ჩამოყვანილი მოსამართლეები განიხილავენ.

დოლიძის თქმით, ამ გზით მიხეილ სააკაშვილს ექნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამავე დროს, სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ათასობით ადამიანს ექნება საშუალება იპოვოს სამართალი.

„უკვე მერამდენედ ვიმეორებთ, ორპოლუსიანობა აფერხებს და უკლავს საქართველოს განვითარების პერსპექტივას. იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეპყრობილია მარადიული მმართველობის იდეით და პოლარიზაციის სურვილით, ქვეყანა მუდმივად პოლიტიკურ ჩიხშია. ნაცვლად იმისა, რომ ყოველ წამს და ყოველ დღეს ვიყენებდეთ ქვეყნის და ხალხის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად გადასაჭრელად, ჩვენ გავჩერდით ერთ ადგილზე და მთელ ენერგიას, დროს და რესურს, ვხარჯავთ ერთმანეთის ქიშპით გამოწვეული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.

დაპირისპირება, სიძულვილი და საკუთარი ძალების დემონსტრირება ასაზრდოებს ორპოლუსიანობას, რომელიც, სამწუხაროდ, ნებისმიერ უგუნურ ქმედებას, საკუთარი ამომრჩევლის ნებით ამართლებს და მათი სახელით მოქმედებს. არადა, ამ ორპოლუსიანობაში იკარგება ქვეყნის განვითარების პერსპექტივა და ხალხის ხმა. ხალხის, რომელიც დაიღალა წრეზე ტრიალით, აღარ სჯერა არცერთი ხელისუფალს, ნიჰილისტურად უყურებს არსებულ პოლიტიკურ პროცესებს. ხალხის, რომელსაც რეალურად სურს საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა, განვითარებულ, პერსპექტიულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება“, - აცხადებს დოლიძე.

ამასთან, დოლიძე აცხადებს, რომ მარადიული მმართველობის იდეით შეპყრობილი პოლიტიკური სპექტრი ვეღარც ამჩნევს, რომ ეს ადამიანები უკვე უმრავლესობაში არიან და ისინი რეალურ ცვლილებებს ელიან.

„2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 70 % ან პოლარიზების მიღმა, შუა ძალებზე აკეთებს არჩევანს ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ხალხის დაკვეთა არის ცვლილება და ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა ორპოლუსიანობის მიღმა.

ამიტომ ჩვენ, პარტია „ხალხისთვის“, რომლის მიზანია პასუხისმგებლიანი, საქმეზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკის დამკვიდრება, მოვუწოდებთ ყველას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, დავასრულოთ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის ეს დამანგრეველი, უაღრესად სარისკო დაპირისპირება, დავუბრუნდეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მოქმედების საქმიან, მშვიდობიან, ინსტიტუციონალურ ჩარჩოს, სადაც პრობლემების მოსაგვარებლად გამოვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ სისტემურ მიდგომებს და ერთხელ და სამუდამოდ უკან მოვიტოვებთ ურთიერთმტრობასა და სიძულვილს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ დაპირისპირებულ მხარეებს გეგმას, როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს და მასთან დაკავშირებულ დაძაბულობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და დავინახავთ მომავალი დღეების განმავლობაში.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ იგი უნდა გასამართლდეს ე.წ. ჰიბრიდული მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური პალატა, სადაც საქმეს განიხილავენ მხოლოდ, საერთაშორისო სისხლის სამართლის, ჰააგის სასამართლოდან ჩამოყვანილი მოსამართლეები. ამ გზით მიხეილ სააკაშვილს ექნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამავე დროს, სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ათასობით ადამიანს ექნება საშუალება იპოვოს სამართალი. ასეთი პრეცედენტები არაერთია მსოფლიოში, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სენეგალში და სხვა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი აცხადებს, ეს გეგმა არის მნიშვნელოვანი იმიტომაც, რომ იგი იქნება სერიოზული და სიღრმისეული სასამართლო რეფორმის დაწყების წინაპირობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 9 წლის განმავლობაში არ უზრუნველყო.

„ამ შეთავაზებით ჩვენ მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს და ხელისუფლებას და ჩვენ ვიმუშავებთ ოპოზიციურ პარტიებთან და „ქართულ ოცნებას“ შევთავაზებთ ამ წინადადებას. ასევე ამ წინადადებას შევთავაზებთ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსი იმ ობიექტურ საშუალებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ჩიხიდან გამოიყვანს. ამავე დროს ხვალიდანვე ვიწყებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ვიპოვოთ ყველა გასაღები და მალე დავასრულოთ ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჰიბრიდული სასამართლოს გეგმა რაც შეიძლება მალე დადასტურდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო