ანა ნაცვლიშვილი - კადრების გამოქვეყნება მორიგ ჯერზე წითელი ნაჭრის აფრიალებაა ოპოზიციისთვის, რომ წყობიდან გამოვიდეთ - რაც შეეხება სანქციებს, ესეც გარდაუვალი გახდება

ამ კადრების გამოქვეყნება არის ძალიან სერიოზული დარღვევა - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დენზე მიერთებული პაციენტია მთელი ქვეყანა და იმის მიხედვით, როგორ აწყობთ, ძაბვას ხან მოუმატებენ და ხან მოუკლებენ, ეს არის მიუღებელი, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არსებულ სიტუაციაში რთულია სიმშვიდის შენარჩუნება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას სანქციებს უწესებს.

„ეს არის მორიგ ჯერზე წითელი ნაჭრის აფრიალება ოპოზიციისთვის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ წყობიდან, ავყვეთ ემოციებს და მართლა ძალიან რთულია ამ ყველაფრის შემდეგ, ემოციური ნაბიჯები არ გადადგა. სიმშვიდის შენარჩუნება რთულია, მაგრამ „ლელოს“ პოზიცია არის ასეთი, რომ მშვიდობიანად, მწყობრი ნაბიჯებით, ძალიან თანმიმდევრულად და მწვავედ უნდა გავაგრძელოთ სისტემატური პროტესტი. სწორად ითქვა, ეს არის და იქნება ნერვების ომი და ამ ნერვების ომში, ძალიან ნათელია, რომ ხელისუფლებას მოთმინება აღარ ჰყოფნის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართლი ოცნება“ ქვეყანას თავად უწესებს სანქციებს.

„რაც შეეხება სანქციების თემას, ესეც გახდება გარდაუვალი. ოპოზიცია მუშაობს პერსონალურ სანქციებზე. დარწმუნებული ვარ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ მიემხრობოდა ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციების დაწესებას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ისე იქცევა, ის თავის ქვეყანას უწესებს სანქციებს - „ქართული ოცნების“ ქცევა უკვე ამას ნიშნავს, იგივე, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, სანქცია არის, აბა რა არის?!“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ განცხადებამ „ქართული ოცნების“ ლიდერები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ამასთან, მისივე განცხადებით, არსებული ვითარება საშიშ გამონაკლისს ქმნის სხვა პატიმრებისთვის.

„ამ გადაწყვეტილებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლება და მისი სპიკერები, ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ძალიან ყოჩაღად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობდა და აქაც, სერიოზული ხაზები გადაკვეთეს როგორც კანონთან, ისე ეთიკასთან მიმართებაში. მათ შორის, სხვა პაციენტებისთვის და პატიმრებისთვის საშიში პრეცედენტი შექმნეს. გვიმტკიცებდნენ, რომ არ შიმშილობსო, ახლა გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სასამართლომ. თუ არ შიმშილობდა, რისკენ მოუწოდა ბატონმა რატომ?!“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს