მიხეილ სარჯველაძე - თუ დადგინდება, რომ გლდანის დაწესებულებას აქვს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის აუცილებელი სამედიცინო რესურსი, სააკაშვილი უნდა დარჩეს გლდანში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება აუცილებლად გაეწევა.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, კონსილიუმი შეიკრიბება და ის შეისწავლის, შეესაბამება თუ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო სამედიცინო მდგომარეობას.

„ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებას პირობის დათქმა არ სჭირდება, ეს ასე იქნება - ეს არის სტანდარტი, რომელსაც განუხრელად დაცვა სჭირდება. უბრალოდ გამორიცხულია, რომ ვინმემ უარი უთხრას სააკაშვილს ჯანდაცვაზე, თუნდაც შიმშილობის შეწყვეტის, ან შიმშილობის მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს გამორიცხულია. ეს მისი უფლებაა და შესაბამისად, მაქსიმუმი კეთდება. ნამდილად არ არის ხელისუფლების ინტერესებში, კი გვაბრალებენ, თითქოს ვიღაცას მკვლელობა აქვს განზრახული, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი არ ინტერესდებიან, შესაძლებლობა არსებობს თუ არა გლდანის საავადმყოფოში იმ სერვისების მიწოდების, რომელიც აუცილებლად იქნა მიჩნეული. ამის მიუხედავად, თვითმიზნად გამოაცხადეს, ლამის იდეაფიქსად, რომ უნდა გადავიდეს კერძო კლინიკაში.

აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, ყველა სპეციალისტის მონაწილეობით. თუკი დადგინდება, რომ გლდანის სამკურნალო დაწესებულებას აქვს საიმისოდ აუცილებელი რესურსი, ასეთ შემთხვევაში ის უნდა დარჩეს გლდანში. თუ იტყვიან, რომ არ აქვს - რა კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია მოითხოვება, რომ მკურნალობა ჩაითვალოს სათანადოდ, ასეთ შემთხვევაში დადგება საკითხი გადასაწყვეტად პენიტენციური სამსახურის წინაშე, უზრუნველყოს ეს აპარატურა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებაში, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს კადრები არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა სააკაშვილის წინააღმდეგობის გამო, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეყვანათ.

„ნამდვილად არ იყო ეს ჩემთვის სასიამოვნო საყურებელი და ამით კმაყოფილების გრძნობა არავის დაუფლებია. მოხარული ვიქნებოდი, რომ ასეთი სცენა არც მომხდარიყო, არათუ მენახა. ამასთან, როგორ ფიქრობთ, როდესაც პატიმარი უარს აცხადებს შევიდეს დაწესებულებაში და ძალიანდება, მიაჩნია, რომ მას აქვს უფლება უკარნახოს საპატიმრო პირობები ციხის ადმინისტრაციას, არ გინახავთ პროპორციული ძალის გამოყენება, რომელიც უზრნველყოფს პირის განთავსებას?!“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს