ნუგზარ წიკლაური - ეს არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უნდა იყოს უწყვეტი

ეს არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უნდა იყოს უწყვეტი, პერმანენტული და დროთა განმავლობაში ამ მოძრაობამ სხვა გეოგრაფიული არეალი უნდა მოიცვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციები არამხოლოდ თბილისსა და რამდენიმე ლოკაციაზე, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მოედნებზე გაიმართება.

„შიმშილობიდან გამოსვლა ისეთივე რთული სამედიცინო ამბავია, როგორც შიმშილობა, ამიტომ იმ პირობებში, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შეუძლებელია შიმშილობის შეწყვეტა ჯანმრთელობის დრამატულად დაზიანების გარეშე. ჩვენ პატივს ვცემთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოწოდებას, ამავე დროს გვჭირდება ელემენტარული პირობები, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს. როგორც კი მოხდება მრავალპროფილურ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს შიმშილობაც შეწყდება და ჩვენ დაველოდებით საბოლოო ვერდიქტს უმაღლესი ევროპული სასამართლოს მხრიდან“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდი დრო გაივლის, მით უფრო მძლავრი იქნება პროტესტის ტალღა.

მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართ პატივისცემის ნიშნად გამოაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს იმ პირობებში, თუკი მისი შიმშილობიდან გამოსვლა ელემენტარული სამედიცინო უზრუნველყოფით იქნება მხარდაჭერილი. ახლა ყველაფერი ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. გლდანის ციხის საავადმყოფოში, უბრალოდ ჟანგიანი წნევის აპარატი აგდია და არავითარი სამედიცინო მომსახურების პირობები არ არის, გლდანის ციხეში, ორკესტრირებული და ორგანიზებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა