ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება - ამ პროცესს მხოლოდ აცრები შეაჩერებს

დღეს კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 3700 შემთხვევაა, ეს რიცხვი გუშინდელთან და კვირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ტესტების რაოდენობა საკმარისი იყო და ეს ციფრი მაინც მაღალია. რაც მთავარია, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებთ 10%-ის ფარგლებში მერყეობს როგორც ყოველდღიური, ისე ბოლო 7 და 14 დღის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება ასევე განპირობებულია „შაბათის სინდრომით“, რაც მოსახლეობის მხრიდან შაბათ დღეს ნაკლებ მიმართვიანობას გულისხმობს.

„ბოლო 2-3 კვირა ჩვენ ეპიდემიის მაღალ ნიშნულზე ვიმყოფებით. ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია. ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა ახალი საველე ჰოსპიტლების შესაძლო დამატება.

„ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტლების დამატების საკითხი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გართულებული ეპიდვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის საყოველთაო ვაქცინაცია.

„აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია და საზოგადოებამ ეს უნდა გაითავისოს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას და განსაკუთრებით სიკვდილიანობას შეაჩერებს მხოლოდ ერთი რამ - ეს არის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ჩვენ სულ მცირე ყოველდღიურად 15 000- 20 000 აცრა გვჭირდება, რათა წლის ბოლოსთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ვიგრძნოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას, რომ მივიდნენ აცრის პუნქტებში და აიცრან. ამ პროცესს მხოლოდ აცრები შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა გვაქვს და მოსახლეობას შეუძლია აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს