„ქართულმა ოცნებამ“ რეინკარნაცია მოახდინა და კომუნისტური ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები არიან, გადაწყვეტილების მიმღები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში 8 დეპუტატთან ერთად გუშინ შიმშილობა დაიწყო.
მისი თქმით, პროტესტი მალე მთელ ქვეყანას მოედება. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელმაც შიმშილობა გუშინ დაიწყეს, პარლამენტის სხდომათა დარბაზთან არიან განთავსებული. როგორც კირკიტაძე აცხადებს, შიმშილობას სწორედ ამ ადგილზე გააგრძელებენ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები უგუნურ განცხადებებს აკეთებენ. უნდა ნახოთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ 1989 წელს, 7 , 8 აპრილს და ისიც გახსოვთ, როგორ დამთავრდა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბედი, უბრალოდ რეინკარნაცია მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ და სამართალმემკვიდრეები არიან კომუნისტური ხელისუფლების, ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავესთან და გადაწყვეტილების მიმღებები გახდნენ ვოლსკი და მისთანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დროსაც დასცინოდნენ მოშიმშილეებს, სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს. ხელისუფლებას დაკარგული აქვს კეთილგონიერება, დაბრმავებულია შურისძიების გრძნობით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც უფრო მასშტაბური იქნება პროტესტი სხვადასხვა ფორმის, მით უფრო მალე მოეგებიან გონს. ეს პროცესი მოედება მთელ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მეგობრები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვლენ უკვე ყველგან,“ - განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.
ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.