ნათია მეზვრიშვილი - „ქართული ოცნების“ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ პირად პოლიტიკურ შურისძიებას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები - ძალიან სახიფათო თამაშია პარტნიორებზე თავდასხმა

„ქართული ოცნების“ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ პირად პოლიტიკურ შურისძიებას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები და შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მივიდეთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორ ეპყრობა სახელმწიფო ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ეს ბევრი რამის განმსაზღვრელია, ხოლო პარტნიორებზე თავდასხმა ძალიან სახიფათო თამაშია.

„სააკაშვილი დააკავეს, ის წარადგინეს მართლმსაჯულების წინაშე და ეს პროცესი ისე უნდა წარმართულიყო, როგორც ამას კანონი მოითხოვს, ანუ მართლმსაჯულების წინაშე ადამიანის წარდგენა, რომელსაც მძიმე დანაშაულებების ჩადენაში ედება ბრალი - „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა უზრუნველყო და მათ შორის, ეს უნდა გაეკეთებინა იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიმართ ბევრი კითხვის ნიშანია. ამის ნაცვლად მივიღეთ „ოცნების“ მხრიდან გადადგმული ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც გააჩინა კითხვის ნიშნები როგორც სათანადო მოპყრობაზე, ისე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაზე, ისე ჯანმრთელობის დაცვის უფლებით სარგებლობაზე და ძალიან ბევრი მიმართულებით. ამან ბუნებრივად გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კითხვის ნიშნები და კრიტიკა სახელმწიფოს მისამართით.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ სათანადო მკურნალობა ბრალდებულის მიმართ უზრუნველყოს. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან ჯიბრში დგომას იმ არგუმენტზე მითითებით, რომ თითქოს რაღაც უსაფრთხოების რისკები არსებობს.

როგორ ეპყრობა სახელმწიფო ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, როგორ ეპყრობა სახელმწიფო დღეს პატიმარ და ბრალდებულ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს - ეს არის განმსაზღვრელი ძალიან ბევრი რამის და შემდეგ ნუ გვიკვირს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. ბევრჯერ მითქვამს, რომ „ოცნება“ გადადგამს არათანმიმდევრულ, არაკომპეტენტურ ნაბიჯებს და მერე ამ ყველაფერს დააბრალებს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენ ცოტა ხანი კიდევ დაველოდოთ და ერთი ერთში ის, რაც არაერთხელ გვითქვამს გამართლდება და მართლდება კიდეც. საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, ამ ქვეყნის ინტერესების მხარდამჭერები. ეს ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებების სიმძიმეს.

დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად დაცლილია პოლიტიკური რესურსისგან, აბსოლუტურად ნული ნდობითაა საზოგადოების მხრიდან. აბსოლუტურად ყველა განცხადება და ყველა ნაბიჯი პარტიულ ინტერესს ემსახურება. ტრაგედიაა ის, რომ დღეს 82 გარდაცვლილია კოვიდის შედეგად და ჩვენ დილას ვიწყებთ ისევ „ოცნებაზე“ და „ნაცმოძრაობაზე“ საუბრით. სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს? „ოცნებისგან“ მე ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი მოსალოდნელია, როდესაც ასე ღიად ხდება პარტნიორებზე თავდასხმები, ამას ჰქვია - საკუთარი პასუხისმგებლობის, მათ შორის სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების საკუთარი პასუხისმგებლობის, რომელიც ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ დაზარალებულების წინაშე აკისრია, ამ პასუხისმგებლობების დასავლელ პარტნიორებზე გადატანა ისევე, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა - რაღაცას დააშავებენ და მერე გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების ბრალია. ძალიან სახიფათო თამაშია პარტნიორებზე თავდასხმა.

თუ დასავლეთი იტყვის, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, მე გეტყვით რას იტყვის „ოცნება“ – „ოცნება“ იტყვის, რომ დასავლეთი არის ცუდი, მტრები არიან იმიტომ, რომ მათ მოითხოვეს კრიმინალი, დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილის გათავისუფლება ამიტომ, თქვენ ქართველ ხალხს სახეში გაგილაწუნეს და აი, რა ცუდია ევროპა და ეს ყველაფერი მიდის აქეთკენ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს