დავით ბაქრაძე - რაც დღეს პარლამენტში ხდება, ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას და გახლეჩვას ასახავს, რომელიც ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს

რაც დღეს პარლამენტში ხდება, ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას და გახლეჩვას ასახავს, რომელიც ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს და რომლის გაჩერებაც მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთადერთი გადაწყვეტილებით - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან მოშიმშილე 9 დეპუტატი მოინახულა.

ბაქრაძის თქმით, დეპუტატები, რომლებმაც სააკაშვილი მოინახულეს, კატასტროფულ მდგომარეობას აღწერენ და როცა პენიტენციური სამსახური საზოგადოებას საპირისპიროს უმტკიცებს, მას ნულოვანი ნდობა ექნება.

„დაპირისპირება და დაძაბულობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება და დღეს უკვე არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ აქ მყოფი პარლამენტის წევრების სიცოცხლეც დამოკიდებულია ხელისუფლების ერთადერთ გადაწყვეტილებაზე, გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში. ის, რაც დღეს აქ ხდება, ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, დაპირისპირებას და გახლეჩვას, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება, ამ ქვეყანას მიაქანებს 90- იანების კატასტროფისკენ და რომლის გაჩერებაც მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთადერთი გადაწყვეტილებით - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ექიმებს არ უშვებენ კონკრეტულ დაწესებულებაში, ბევრ ეჭვს აღძრავს. ჩვენ მოვისმინეთ იქ შესული ადამიანების ინფორმაცია, მათ შორის, ადვოკატების, პარლამენტის წევრების, რომლებიც აღწერენ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არსებობს სამკურნალო რესურსთან დაკავშირებით. თუ ეს ტყუილია, ხელისუფლებამ შეუშვას დღესვე სამედიცინო კონსილიუმის წევრები, ექიმები და ექიმებმა გააცნონ საზოგადოებას რა მდგომარეობაა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ციხეში არ უშვებს ექიმებს, ობიექტურ უცხოელ ადამიანებს, მაგალითად, ევროპარლამენტარებს და შემდეგ გვეუბნება, რომ მას ციხეში არაფერი აკლია, რა თქმა უნდა, ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, როცა ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაში კარგად არის, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის გამო ვერ გადაიყვანენ სასამართლოზე. ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილს 2 ძირითად უფლებას - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე სამართლიანი სასამართლოსა და საკუთარი თავის დაცვის უფლებას ურღვევს.

„უკვე მეორე სასამართლო პროცესია მისი დაცვის უფლება ირღვევა და არ აძლევენ საშუალებას თავი დაიცვას. ეს არის ფეხქვეშ გათელვა არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ყველა ძირითადი დოკუმენტის ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს