ელენე ხოშტარია ფსიქოლოგიურად და განწყობით ძალიან მხნედ არის - მისი განწყობაა, რომ ბოლო წუთამდე გააგრძელებს პროტესტის იმ ფორმას, რომელიც აირჩია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც ელენე ხოშტარია მოინახულა.
მისი თქმით, წინა ჯერთან შედარებით, როცა მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისათვის გაუარესებულია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამძიმებულია, წინა ჯერთან შედარებით, როცა მასთან ვიყავი. ვიცით, რომ გუშინ ჰქონდა უკვე სერიოზული პრობლემა თირკმელთან დაკავშირებით და დგას საფრთხე იმის, რომ შეიძლება მოხდეს თირკმელის გათიშვა, ამიტომ მას სჭირდება სამედიცინო მონიტორინგი და მისი განწყობაა, რომ ბოლო წუთამდე გააგრძელებს პროტესტის ამ ფორმას, რომელიც აირჩია. მას სჭირდება მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში ყოფნა, რომ არ გაიპაროს ის მომენტი, როცა შეიძლება პროცესი შეუქცევადში გადავიდეს. იმედი მაქვს, რომ ანალიზებით და ექიმების მეთვალყურეობით მოვახერხებთ, რომ ელენეს პროტესტის ფონზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს,” - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიამ უკვე მე-13 დღეა პარლამენტში შიმშილობს. ასევე, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.
ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.