ნიკა მელია - თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი - რეჟიმი, რომელიც ასე იქცევა, უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა

თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული გახდება.

„რასაც დღეს ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი პროპაგანდისტული არხებით, შეშინებულმა და აცახცახებულმა განცხადებები განცხადებებზე ავრცელონ, თითქოს თურმე ჩვენ არ გვაქვს შეკრების, მანიფესტაციის, მსვლელობის უფლება, ეს ხომ კიდევ უფრო ღიმილის მომგვრელია. ეს ხომ კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს თითოეულ ჩვენგანს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს პროტესტი უფრო და უფრო მწვავე, თუმცა, არაძალადობრივი უნდა გახდეს. ეს ასეც იქნება. დღეს რა განცხადებაც გაავრცელა ხელისუფლებამ, ეს ხომ ფეხზე მყარად მდგომი ხელისუფლების განცხადება არ არის. ვის ატყუებენ იმით, რომ თურმე ადამიანი ციხეში დატყვევებული არ ჰყავთ და მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ, მსვლელობა და მშვიდობიანი, არაძალადობრივი მანიფესტაცია კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის? თუ ვინმე კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, თუ ვინმე კანონს არღვევს ყოველდღე, ყოველწუთს და ყოველწამს, ეს არის რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ასე იქცევა, უნდა ვარყიოთ მანამ, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება ამ რეჟიმის რყევით და საბოლოოდ ჩამონგრევით, ახალი არჩევნებით", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. მათი განმარტებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა