საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, აღნიშნულ საქმეზე უკვე თითქმის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარუდგინეს და ამ დრომდე სასამართლო პროცესს არ ნიშნავდნენ.

ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს.

როგორც ბექა ბასილაიამ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ხვალაც ეცდებიან მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.

ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების დისკურსია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდეს, რომ საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ცდილობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს შესაძლებლობა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს და საჯარო, ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის. ამისთვის აკეთებენ ყველა უკანონობას, სასამართლო იქცა სუს-ის ფილიალად. საზღვრის კვეთის საქმეზე უკვე ლამის ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილს წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ამ დრომდე სასამართლოში არ წაუღიათ საქმე, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. პროცესი ხვალ ჩანიშნეს და ეცდებიან მიზეზად კვლავ მოიტანონ სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს. მათ აქვთ შიში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მოყვანას. სულ მიხეილ სააკაშვილი, რომ ყოფილიყო უაღრესად ჯანმრთელი, ამ პერიოდის მანძილზე მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენდნენ სასამართლოში. ხელისუფლების დისკურსი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. პროცესზე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახური და სასამართლოდ წოდებული სუს-ის ფილიალი არ წარმოადგენს. ამ დაწესებულებაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება დგას სერიოზული საფრთხის წინაშე“, - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა