იუსტიციის მინისტრი - ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისი ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც მას რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურეობა ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურეობის მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული. ამასთანავე, მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადო, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მოსალოდნელი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია. შეგახსენებთ, აღნიშნული სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

„ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას. პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს პირველ რიგში პატიმრების, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის მავნებელი. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო