გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, მამუკა ხაზარაძემ კი  თავად თქვა, რომ პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა, რაც მისი პოლიტიკური შეცდომაა

ზურაბ ჯაფარიძე ფიზიკურად თითქმის არავის უნახავს არც კომიტეტზე, არც პლენარულ სხდომაზე. რა შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის თუ პლენარულ სხდომაზე მოდიოდა, ინიციატივა არ ჰქონია, ერთადერთ საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიცირებით იყო ხოლმე დაკავებული - კანონშემოქმედებით საქმიანობაში დანაკლისი არ იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, კარგი არ არის, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკურ ორგანოში თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს.

“მგონი, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს სწავლება, რომ როდესაც ხალხმა მთავარ პოლიტიკურ ორგანოში აგირჩია, მინიმუმ მათი ხმა უნდა გააჟღერო. ეს არის დეპუტატის ვალდებულება. მაგრამ, სამწუხაროდ, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, არც სხდომებზე, არც კომიტეტში. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტარობა აღარ უნდა და ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან თავად თქვა, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა, ესეც მისი პოლიტიკური შეცდომაა. თუ პარლამენტში თავს ვერ ხედავ, შენი თავი არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მათი გადასაწყვეტია და როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე არჩევნების შედეგებზე”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჯაფარიძის მიმართვას მხარი უკვე დაუჭირა. პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც მანდატს შეუწყვეტენ, „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ხაზარაძის წერილობითი მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭერა. გადაწყვეტილებას დღესვე, პლენარულ სხდომაზე კენჭიყრით მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა