მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილს კერძო კლინიკაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ ისეთი სამედიცინო მანიპულაციების განხორციელება იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ ისეთი სამედიცინო მანიპულაციების განხორციელება იქნება საჭირო, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს, „სხვა შემთხვევაში ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით და მხოლოდ ამ პრიზმაში ვერ განიხილება“.

ამის შესახებ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არაგონივრულია.

„შიმშილობა და სააკაშვილის საპატიმრო უფლებები - ოპოზიციას მივმართავ, უმჯობესია, გადავიდეთ რეალურ, საკითხების საგნობრივ განხილვაზე, ნაცვლად იმისა, რომ დაუკონკრეტებლად და დაუსაბუთებლად ხდებოდეს არაგონივრული გადაწყვეტის პრომოუტირება. არაგონივრულია ამ ვითარებაში სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად, თუკი/როდესაც ამის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. აუცილებლობა გაჩნდება, თუ იარსებებს ურგენტულად ისეთი სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების საჭიროება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ვერ უზრუნველყოფს. სხვა შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით და მხოლოდ ამ პრიზმაში ეს საკითხი არ და ვერ იქნება განხილული. თუ ასეთი აუცილებლობა გაჩნდება, დიახ, პენიტენციური სამსახური ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. არავინაა განწყობილი საიმისოდ, რომ ჯანმრთელობის დაცვის რისკები პრიორიტეტული არ იყოს.

ოპოზიციამ უცნაური პარადიგმა შექმნა, როდესაც სამედიცინო საკითხებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ, ხოლო პოლიტიკურ საკითხებზე - ექიმები. აჯობებს, პროცესი თავის კალაპოტში იდგეს. ეს იქნება ერთადერთი გზა ნებისმიერი დაძაბულობის განმუხტვისთვის “,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გადაყვანის საკითხს, სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება სხვა პატიმრების მსგავსად, დისტანციურად აქვს.

„თუ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, ამის გამო მოთხოვნა რომ დგება, განსაკუთრებული პრივილეგიებით იყოს აღჭურვილი, არასწორია. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება სამართალზე ქვემოთ იდგეს და ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უზრუნველყოფს.

პროცესზე უშუალოდ დასწრებასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. არავის აქვს უფლება თქვას, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა. ეს შესაძლებლობა მას აქვს მსგავსად ათი ათასობით პატიმრისა, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით მიიღო პროცესში მონაწილეობა და სწორედ ამ გზით ჩატარდა 40 ათასზე მეტი სასამართლო სხდომა დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ რამდენადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი სურვილებიც საპროცესო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და რეალური სიტუაცია. მაგრამ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს საკითხი აქციოს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად და საშუალებად“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა