ირაკლი კობახიძე - ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს მეტი ყურადღება მათ დაუთმოს - როცა თმებით ათრევინა თავი უკრაინის სამართალდამცავებს სააკაშვილმა, გახსოვთ ვინმე აღშფოთებული?!

ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს - როცა თმებით ათრევინა თავი უკრაინის სამართალდამცავებს სააკაშვილმა, მაშინ გახსოვთ უკრაინელი ომბუდსმენი ან ვინმე საქართველოში აღშფოთებული?!- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლო, არამედ ანტი სიმბოლოა.

„ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე - ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტია, მგონი არც ერთია და გეტყვით რატომ - ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არანაირი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. აქედან გამომდინარე ის არის არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლო, არამედ ანტი სიმბოლო ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკუ და ა. შ მაგრამ არც ერთი მათგანი არც იტალიის და არც რუმინეთის სიმბოლოდ არ განიხილება, რადგან ისინი არიან ანტი სიმბოლოები,“- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შეიძლება სააკაშვილი ლამაზი სანახავი არ იყო გლდანის ციხეში შეყვანისას, მაგრამ იძულების ზომა იყო გამოსაყენებელი. კობახიძე კითხვას კითხვითვე პასუხობს - „იძულების ზომა პატიმრის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული როცა არ გემორჩილება და ისტერიკაშია?! - მარტივად არის საქმე“.

მისივე თქმით, უკრაინის ომბუდსმენს აღშფოთება მაშინ არ გამოუხატავს, როცა უკრაინაში „ათრევინა თავი თმებით სააკაშვილმა სამართალდამცველებს“.

„ვიღაცებმა ახლა შეიცხადეს, რომ თურმე სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს პრეზიდენტი, მე შეგახსენებთ, რომ როცა თმებით ათრევინა თავი უკრაინის სამართალდამცავებს სააკაშვილმა, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, გახსოვთ ვინმე გამოსული და ამაზე პროტესტის გამომხატველი ან უკრაინელი ომბუდსმენი გახსოვთ მაშინ, რომ გამოვიდა და აღშფოთდა?! რა მნიშვნელობა აქვს, რომ ახლა სხვა ომბუდსმენი ჰყავს უკრაინას, აქ საუბარია ინსტიტუტებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა