მან მითხრა, რომ რამდენიმე დღეა, რაც არ იღებს წამლებს, რომლებიც აუცილებელია მისი სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, გლდანის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ წნევის სერიოზული ცვალებადობა აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ჰიპერტონული კრიზი დაემართოს, რომელიც აქამდე უკვე ჰქონდა.
„მას ძალიან მძიმე, ყვითელი ფერი აქვს და ის უფრო ფერმკრთალია. ის გაცილებით უფრო მხნედ იყო წინა დღეებში. ის ნამდვილად სუსტად არის და გულწრფელად რომ გითხრათ, იყო მომენტები, როდესაც საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ გვქონდა, რადგან სისუსტე იყო გამოხატული.
მან ასევე მითხრა, რომ მის მიმართ გრძელდება შეურაცხმყოფელი შეძახილები ფანჯრებიდან, რაც არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, ის ძალიან წუხს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს არ მიეცა მისი მონახულების საშუალება. მანდატი, რომელიც აქვს უკრაინის ომბუდსმენს გულისხმობს, რომ უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოინახულოს, მიუხედავად იმისა, რომელ გეოგრაფიულ არეალშია უკრაინის ესა თუ ის მოქალაქე“, - აღნიშნა დეკანოიძემ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის სახალხო დამცველზეც, რომელსაც საპატიმროში მყოფი სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.
„ის ასევე ძალიან წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაბრკოლებას უქმნის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო წარმომადგენელს, რათა მოინახულოს და დარწმუნდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სარგებლობს ყველა ალტერნატიული სამედიცინო მომსახურებით.
ძალიან ცოტა დრო რჩება. ყოველ ჯერზე მისი სისუსტე მატულობს. მას ძალიან დიდი წონა აქვს დაკლებული. ბოლოს, როდესაც მე და თინამ ის ხუთშაბათს ვნახეთ, მას შემდეგ კიდევ უფრო დიდი წონა აქვს დაკლებული. ძალიან წუხს ელენე ხოშტარიაზეც. მან თქვა, რომ მისთვის ძალიან შემაშფოთებელია მისი მდგომარეობა. ამ ადამიანის სიცოცხლე გადასარჩენია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.