დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას ეხმაურება და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

„2021 წლის 15 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში „გაყვანასთან“ დაკავშირებით და განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა უკონტროლო სიტუაციას და ქაოსს, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს. გარდა ამისა, სამსახურმა დამატებით არგუმენტად მოიყვანა ის გარემოება, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენდა დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. პენიტენციურმა სამსახურმა გამოთქვა მზაობა, უზრუნველეყო მიხეილ სააკაშვილის დისტანციური მონაწილეობა სასამართლო სხდომაში, ასევე N18 პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო სხდომის გამართვა.

სასამართლო სხდომაზე დასწრება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზში დასწრების უფლების უზრუნველყოფა მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნად ითვლება. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა.

სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მუხლი „2022 წლის 1 იანვრამდე სასამართლო სხდომის გამართვის დროებით წესი“ არეგულირებს. აღნიშნული მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში გაჩნდა და როგორც დროებითი ღონისძიება, მიზნად ისახავს კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციას. სხდომების დისტანციური ჩატარება, სხდომებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასწრების გარეშე, თავისთავად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპებთან თანხვედრაში არ არის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიხედვით: 1. დისტანციურ რეჟიმში სხდომის გამართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია არა უსაფრთხოების ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ პანდემიით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად; 2. გადაწყვეტილებას სხდომის დისტანციურად გამართვის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო; 3. სასამართლო სხდომის დისტანციურად ჩატარებისთვის საჭიროა ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 10, 15 და 16 ნოემბერს, მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლო სხდომაში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვს სასამართლო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანაზე, უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს.

DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება“,- აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო