ნათია თურნავა - საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს

საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფონდი შექმნილია ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი 20 წლის განმავლობაში სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი გარდაიქმნა წარმატებულ კომპანიად.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯონათან თაუერიინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინვესტიციო კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

„ამ სამი წლის განმავლობაში ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა შექმნილიყო და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ასე რომ, ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე - იქმნება 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ამ ახალ ინიციატივაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგია, რომ კერძო ინვესტორები ინვესტორები ინტერესდებიან ჩვენი სტარტაპების არა მხოლოდ გარედან დაფინანსებით, არამედ უკვე საქართველოში ქმნიან პირველ, ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ ინიციატივაში და უფრო აქტიურად დააფინანსებენ ჩვენს სტარტაპებს. ინოვაციების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში და მიხარია, რომ ამერიკელი ინვესტორები ასე აფასებენ ჩვენს მისწრაფებასა და წარმატებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

„კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ქართველი და უცხოელი ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს