პაატა ბურჭულაძე - როცა ვნახე ციხის კადრები, როგორ ვათრიეთ პრეზიდენტი, გადავწყვიტე ისეთი პროტესტისთვის მიმემართა, რომელიც მე შემეფერებოდა - მიშას ვკარგავთ, ვკარგავთ საქართველოს

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძემ „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა შიმშილობს.

როგორც საოპერო მომღერალი აცხადებს, მისი შიმშილობის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ბურჭულაძის თქმით, მან შიმშილობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები იხილა.

„ერთი კვირის წინ საქართველოში ვიყავი, იმედი მქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ცოტა ჭკუაზე მოვიდოდა და მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანდა. საზღვარგარეთ წავედი, ჩემი საქმიანობა გავაგრძელე, მაგრამ როცა ვნახე ციხის კადრები, რომელმაც მთელი საქართველო ველური ქვეყნების სიაში ჩაგვაყენა - თუ როგორ ვათრიეთ ჩვენი პრეზიდენტი და რა ამაყად ვანახეთ ეს მთელ მსოფლიოს, რომ თურმე, ჩვენ შეგვიძლია ადამიანების ასე მოპყრობა, ამის შემდეგ გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და ისეთი პროტესტისთვის მიმემართა, რომელიც მე შემეფერებოდა. მეც შემიძლია ჩამოვიდე, აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მე მგონი, ამაზე მეტ ყურადღებას მივიქცევ - საზღვარგარეთის ყურადღება მაქვს მხედველობაში, იმით, რომ აქ შიმშილს გამოვაცხადებ. პირველივე დღეს, როცა დავწერე, რომ შიმშილს დავიწყებდი, უკვე გამოგვეხმაურნენ ლონდონიდან ჟურნალისტები, იქიდან კორესპონდენტი საქართველოში ხვალ ჩამოვა...

მე მეგონა, რომ ცოტა გონზე მაინც იქნებოდნენ, მაგრამ კადრებმა გვანახა, რომ „ოცნება“ გასულია მომსახურების ზონიდან, საერთოდ ვეღარ აზროვნებენ, რას აკეთებენ“, - აცხადებს ბურჭულაძე.

როგორც ის განმარტავს, პროტესტის მსგავსი ფორმა არასდროს გამოუყენებია, მაშინაც კი, როცა მას ბრალი წაუყენეს. ბურჭულაძის თქმითვე, მან საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ ქართველების უმეტესობა ეწინააღმდეგება იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

„ჩემი შიმშილობა უფრო საერთაშორისო ასპარეზისთვისაა გათვლილი. მეორე მხარეც აქვს ჩემ შიმშილობას და ჩემ პროტესტს - ამით მე ვაცხადებ, რომ მე არ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ისტორიაში, რაც დღეს იწერება. მე არ მინდა ვიყო თანამონაწილე ჩვენი პრეზიდენტის სიკვდილის, მე ხელს ვაწერ, რომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებ, ეს არის ჩემი მიზანი. ეს მინდა ზუსტად გავაცნო მთელ მსოფლიოს, რომ ქართველების უმეტესობა ამის წინააღმდეგი ვართ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ბურჭულაძე.

კითხვაზე, რამდენად ელოდება, რომ შიმშილობის აქციით საქართველოს ხელისუფლების არსებულ პოზიციაზე მოახდენს გავლენას, ბურჭულაძე აცხადებს, რომ „ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მითუმეტეს, როცა სამართლიანია. მე ნუ ჩამახედებთ იმ ავადმყოფი ხალხის გონებაში, თუ რას ფიქრობენ ისინი, „ენას ძვალი არ აქვს“, იძახიან, რომ მცირერიცხოვანი აქციებია, მე მგონია, რომ ეს ასე არ არის, ამ კოვიდის დროს ეს არის ძალიან მრავალრიცხოვანი, ხალხი სულ ემატება და ემატება. ჩემი აზრით, დღეს, „ქართული ოცნება“ აგონიაშია ჩავარდნილი, თვითგადარჩენის პროცესში არიან და ფიქრობენ, რომ ასეთი გზით შეიძლება თვითგადარჩენა. ჩემი აზრით, მათ რომ მიხეილ სააკაშვილი დროზე გადაეყვანათ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ასეთი რამ არ მოხდებოდა, ბევრად უფრო წყნარი სიტუაცია იქნებოდა საქართველოში“, - აცხადებს ბურჭულაძე.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში პირადი შურისძიების გამო არ გადაჰყავთ.

„ოპოზიციურმა პარტიებმა დადეს პირობა, რომ კლინიკას არ მიუახლოვდებიან, მე ამის მჯერა, რადგან მათი სიტყვა დაიჯერება. არ გადაჰყავთ, რადგან ეს არის პიროვნული შურისძიება, რომ ივანიშვილს ასიამოვნონ. მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ადამიანი ახლა ზის და ხარობს - ნახე, მიშა, მიშა, რა გიქენი - ეს არის პიროვნული. მე ვიცნობ იმ ადამიანს, ეს ნამდვილად ასეა. ვერავინ ბედავს, თორემ ყველა ხვდება, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ დღეშია. თქვენ წარმოიდგინეთ, რამე რომ მოუვიდეს მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ სამოქალაქო ომის პირას ვდგავართ, აქ სისხლი დაიღვრება, აქ იქნება ძალიან ცუდი რამ - არც მინდა მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება ამას მოჰყვება.

ისინი რასაც ამბობენ, ერთი სიტყვა დაიჯერება? საერთოდ, რა პროგნოზებს აკეთებენ, დაიჯერება? ისინი ამბობენ, ევროპარლამენტარები ნუ ერევიან ჩვენ საქმეებში, თვითონ მიხედონ თავიანთ ქვეყანასო, ამის თქმა შეიძლება? ჩვენ უკვე მეგობრებს ვკარგავთ, უკრაინა უკვე თითქმის დავკარგეთ, მეგობრებს ვკარგავთ დასავლეთში, საითკენ მივდივართ, საით მივექანებით, ვინ არის ჩვენი პატრონი? მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება ცხოვრება იმ რეგიონში, რომელშიც ვცხოვრობთ? ჩაგვყლაპავენ! ვის აინტერესებს? მე მგონი, არც არავის!“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ოპოზიციის სამივე მოთხოვნას - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ასევე, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ბურჭულაძე პასუხობს, რომ ეთანხმება.

„ჩემი შიმშილობა არის იმისთვის, რომ ის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანონ და საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს. მე იმავე წუთას შევწყვეტ შიმშილობას და გავაგრძელებ ჩემ საქმეს, დანარჩენში ვეთანხმები. მიშას სიცოცხლე უნდა გადარჩეს, მიშაზე გადის დღეს საქართველოს მომავალი, მიშას ვკარგავთ - ვკარგავთ საქართველოს, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს ბურჭულაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო