„აგროჰაბი“ თსუ-ს სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ ქსელში დასაქმებულ თსუ-ს სტუდენტ-თანამშრომლებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ მემორანდუმს ხელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „აგროჰაბის“ დირექტორმა ლაშა გოცირიძემ მოაწერეს.

„ამ ხელშეკრულებით ჩვენს სტუდენტებს საშუალება მიეცემათ თავიანთ სამუშაო გრაფიკი შეუსაბამონ სწავლის პროცესს. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა მსგავსი პროექტის განხორციელება. გამოჩნდა „აგროჰაბი“ ასეთი წინადადებით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც ღირსეული დასაქმებით გაზრდის სტუდენტების მოტივაციას სწავლისადმი“, - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, 2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ „აგროჰაბში“ და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს. გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც ისარგებლებენ. „ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ „აგროჰაბში“.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენთან დასაქმებულებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკი, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წამოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ ინიციატივის დაფინანსებით „აგროჰაბს“ თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“, - განაცხადა „აგროჰაბის“ დირექტორმა ლაშა გოცირიძემ.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე ასეული დასაქმებული სტუდენტის წახალისება იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა