საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კონსილიუმს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა მის მკურნალობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს.
„ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ მის მკურნალობას რამე დააკლეს შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს, რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური დაწესებულების კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს გლდანის მე-18 დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს.
„თუ არ აკმაყოფილებს, მონახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი დიდ მღელვარებას იწვევს. ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს თავისი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა. ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად მღელვარებას კვებავს. არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციის და მოზომილი კომენტარის მაგივრად, ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას, თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვიის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იყოს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და რომლის მიზანი ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვების და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია, დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას ითხოვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.