ჯანდაცვის ექსპერტები - მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში

ჯანდაცვის ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართეს.

მიმართვის ინიციატორთა თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იმყოფებოდეს მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მას გაეწევა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური და კვალიფიციური დახმარება.

„ჩვენ ჯანდაცვის ექსპერტები ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტს. ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მას გაეწევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური, კვალიფიციური დახმარება. ეს მისი უფლებაა და საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს მისი, როგორც პატიმრის და პაციენტის, უფლება ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და ღირსეულ მოპყრობაზე.

საქართველომ, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, უნდა უზრუნველყოს ყველა პატიმარი სამედიცინო მომსახურების იგივე სტანდარტით, როგორიც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოების ყველა სხვა წევრისთვის. (https://www.euro.who.int/en/health-topics/health-determinants/prisons-and-health/prisons-and-health).

გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესები პატიმრებთან მოპყრობის შესახებ (იგივე „ნელსონ მანდელას წესები“), თავისუფლება აღკვეთილ პირებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს და აუცილებელ მოთხოვნად აყენებს, რომ პაციენტს უნდა უმკურნალოს საკმარისი კვალიფიკაციის პერსონალისგან შემდგარმა ინტერდისციპლინარულმა გუნდმა, რომელიც იმოქმედებს სრული კლინიკური დამოუკიდებლობის პირობებში. პატიმრები, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალიზებული მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა, გადაყვანილ უნდა იქნენ სპეციალიზებულ მრავალპროფილურ სამოქალაქო ჰოსპიტალში, რადგანაც ე.წ. ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს. (https://www.unodc.org/documents/justice-and-prison-reform/Nelson_Mandela_Rules-E-ebook.pdf).

გვინდა ხელისუფლებას და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შევახსენოთ, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3192567?publication=0), მრავალპროფილურ რეფერალურ სტაციონარში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო სერვისების ყველაზე მაღალი დონე, როგორიცაა:

ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების IV დონე (თერაპიული, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგია-ორთოპედიული, რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგიური სერვისები);

ბ) ინტენსიური მოვლის I, II და III დონე (მართვითი სუნთქვა, სასიცოცხლო ფუნქციების აპარატული მხარდაჭერა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია);

გ) ქირურგიული სერვისების III დონე (I, II, III, IV და V კატეგორიის ქირურგიული ჩარევები);

დ) ტრავმის/დაზიანების მართვის IV დონე (ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოსკოპია, რადიოლოგია (კომპიუტერული ტომოგრაფია ან/და მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსი), ლაბორატორიული სამსახური, სისხლძარღვთა, თორაკალური და პლასტიკური და რეკონსტრუქციულ-ქირურგიული სერვისები);

ე) კარდიოლოგიური სერვისის III დონე (კარდიოქირურგიული ოპერაციები);

ვ) ნევროლოგიური სერვისის III დონე (სრულ ნევროლოგიურ სერვისთან ერთად ნეიროქირურგიული და რადიოლოგიური სერვისები).

ჩვენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციური დაწესებულებიდან მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანილია 585 პირი, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცედენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში გატარებული რეფორმების შედეგად არის აშენებული და/ან რეკონსტრუირებული დღეს მოქმედი კლინიკების უმეტესი ნაწილი.

ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პაციენტის ჯანმრთელობის რეალურ საფრთხეს, პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ანდრია ურუშაძე, ალექსანდრე კვიტაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან ჯუღელი, ირაკლი გიორგობიანი, ვახტანგ სურგულაძე, სერგო ჩიხლაძე, გიორგი გოცაძე, მიხეილ დოლიძე, ვარლამ მოსიძე, გიორგი კავკასიძე, ლევან მეტრეველი, ეთერი ყიფიანი, ნინო მირზიკაშვილი, ქეთევან გოგუაძე, ივდითი ჩიქოვანი, მზია ტაბატაძე, დათო ოთიაშვილი, ირმა კირთაძე, თამარ ლობჟანიძე, ნათია ლანდია, მარიამ ლობჟანიძე, ვასილ ტყეშელაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო