საქართველოს ელჩმა შვედეთის მეფესთან აუდიენცია გამართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის მეფესთან, კარლ გუსტავ XVI-სთან აუდიენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შვედეთის მეფემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ქართული ეროვნული ტანისამოსის და ღვინის ისტორიის მიმართ.

„აუდიენციისას ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის მეფეს დეტალურად მოუთხრო საქართველოს ისტორიის, კულტურის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უძველესი ტრადიციების შესახებ. მან ასევე ისაუბრა როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების კულტურაზე, ასევე ჩოხისა და ყაბალახის ისტორიასა და დანიშნულებაზე.

ელჩმა მეფეს გააცნო საქართველოს და შვედეთს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტებზე მოახსენა. ამასთან, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

გარდა ამისა, განიხილეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ირაკლი ხუცურაულმა გამოთქვა სურვილი, რომ 2022 წელს, საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში შვედეთის სამეფო ოჯახიც მიიღებს მონაწილეობას.

ელჩმა მეფეს საქართველოს პრეზიდენტისგან და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მოკითხვა გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ის უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმრება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო