სოზარ სუბარი - პრეზიდენტს ვეთანხმები, არ შეიძლება თუნდაც ერთ რამეში „ოცნება“ დაემსგავსოს „ნაცმოძრაობას“ - სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება, ალბათ ლამაზი არ იყო დასანახად, მაგრამ აუცილებელი იყო

სალომე ზურაბიშვილს 100%-ით ვეთანხმები, რაც თქვა, რომ არ შეიძლება თუნდაც ერთ რამეში „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“ - ამის გამოქვეყნება, ალბათ დასანახად ლამაზი არ იყო, მაგრამ იყო აუცილებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის შეფასებით, სამარცხვინოა, თუ როგორ იქცეოდა კადრებში სააკაშვილი და აუცილებელი იყო საზოგადოებას დაენახა, რომ ტყუილია, თითქოს „სააკაშვილი ბოლო წუთებს ითვლიდა“.

სალომე ზურაბიშვილს 100%-ით ვეთანხმები იმაში, რაც თქვა, რომ არ შეიძლება თუნდაც ერთ რამეში „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, წინა ხელისულებას, იმიტომ, რომ ეს იქნება „ქართული ოცნების“ და ქართული სახელმწიფოს სირცხვილი. ადამიანის უფლების დარღვევა, ადამიანების წამება ციხეებში, პოლიციაში, სასამართლოს არარსებობა, საკუთრების უფლების უხეში ხელყოფა, ადამიანების უფლების უკიდურესი იგნორირება - ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა იყო და თუნდაც ერთ რამეში რომ დავემსგავსოთ, ეს იქნება სირცხვილი და მართლა უარს ვიტყოდი პოლიტიკაში ყოფნაზე. მაგრამ მადლობა ღმერთს, არ არსებობს პუნქტი, რაშიც შეიძლება მსგავსება დაისვას, მათ შორის არის მათი ფსევდოდასავლურობა და სინამდვილეში რუსეთის ინტერესების სამსახური, თუნდაც სტრასბურგის 2008 წლის რეზოლუციაში გამოჩნდა მკაფიოდ. მეორე მხრივ, ჩვენი გამოხატული პოზიციაა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე. ესაა განსხვავება ჩვენ შორის და არაფერი მსგავსება არ შეიძლება იყოს.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, სამარცხვინო იყო კადრები, სადაც ჩანს, როგორ აგინებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტი სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს, როგორ ესხმის მათ თავს ფიზიკურად, ასევე ექიმებს და ციხის თანამშრომლებს. სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტი ასე იქცევა, მაგრამ ამის გამოქვეყნება, ალბათ ლამაზი არ იყო დასანახად, მაგრამ იყო აუცილებელი, რომ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ტყუილი იყო, თითქოს 10 ოქტომბრიდან მოყოლებული ბოლო საათებს ითვლიდა სააკაშვილი, ვერ დგებოდა და ვერ ლაპარაკობდა, უმძიმეს ვითარებაში იყო; თითქოს მის მიმართ უფლებები დაირღვა, თმებით ათრიეს, ურტყეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც სრულიად საპირისპირო დაინახა. აუცილებლობა იყო, რომ ეს კადრები გამოქვეყნებულიყო.

პრეზიდენტს ვეთანხმები იმაში, რომ სამარცხვინო იყო სააკაშვილის კადრები, როგორც ის იქცეოდა, მაგრამ რაც შეეხება იმ ნაწილს, რა ქცევას ჰქონდა მის მიმართ ადგილი, მისი არცერთი უფლება არ დარღვეულა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების თაობაზე, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდება, განაცხადა, რომ კადრების გავრცელება, რაც ღირსებისა და პატივის შემლახველია, მისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა