თეა ახვლედიანის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს გაეწია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს გაეწია.

ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

„გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით. რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარეობს კოვიდინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა, ამდრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდინფიცირებულ პაციენტს. ამ მიზნით, რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა. გაწეული ძალისხმევის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდა:

პაციენტების მართვა საველე ჰოსპიტალში ენგურის ხიდთან; დახმარების გამოყოფა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 247 სტუდენტისთვის; COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული სქემის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გამარტივებული წესით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

აღსანიშნავია, ასევე, რომ ე.წ. გადასასვლელის ხანგრძლივი ჩაკეტვის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება, პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე სააფთიაქო მომსახურების მისაღებად.

ისევე როგორც შევძელით აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.

გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნის შედეგად აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.

ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა არხის გამოყენებით, დავადასტურეთ და ახლაც ვაცხადებთ მზაობას ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომის და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე.

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საარქივო მასალების გაცვლის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს.

გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიის და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც ხელშესახებ გავლენას მოახდენს მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა