სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა, მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ. ლარს აღემატება.

„2013 წელს შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში გრძელდება ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანთლებლო პროგრამების ფარგლებში. შედეგად, გათბობით უზრუნველყოფილია 14 000-მდე ოჯახი, გაზიფიცირებულია ჯამში 74 სოფელი, უმაღლესი განათლება დაუფინანსდა 2500-მდე სტუდენტს. განხორციელდა 20-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, დასრულდა დაგეგმილი წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის არაერთი მასშტაბური პროექტი, განხორციელდა სკოლის შენობების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ 2021 წელს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 82 მლნ. ლარს აღემატება.

მოსახლეობისთვის დამატებით შეღავათებს უკავშირდება, 2020-21 წლებში 22 სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭება, ასევე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიმდინარე პროცესი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს ასევე მომდევნო წლისთვის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით განპირობებული გამოწვევების დასაძლევად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში, 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ობოლ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მარტოხელა მოხუცებს, გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ სოფლების შემდგომი განვითარება ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად აღსანიშნავია, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით მიღებული გადაწყვეტილება დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა. ამ მიმართულებით შესაბამისი აქტივობები უკვე დაწყებულია,“- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია.

„მადლიერებას გამოვთქვამ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯების და ინიციატივების მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში ინტენსიურად იყენებს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა აღიკვეთოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები, აღდგეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და გაუმჯობესდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

ჩვენ განვაგრძობთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. სწორედ დღეს ერგნეთში მიმდინარეობს IPRM-ის შეხვედრა, რაც მორიგი შესაძლებლობაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, განვიხილოთ ადგილზე შექმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდომარეობა. ასევე, განვაგრძობთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას გალში IPRM-ის შეხვედრების უპირობო აღდგენასთან დაკავშირებით,“- განაცხადა ახვლედიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო