ამირან გამყრელიძე - აცრის გარეშე პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, გვექნება ტალღები, რომელიც რიგ შემთხვევებში, ფატალურად დამთავრდება

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ რთული რჩება - აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, ყოველ ორ თვეში გვექნება ტალღები ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ფატალურად დამთავრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსურმა წახალისებამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისთვის დაწესდა, გარკვეულწილად ვაქცინაციის პროცესს ხელი შეუწყო, თუმცა, გამყრელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია აცრის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ზე ჩამოვიდა, რაც ძალიან დაბალია.

ამასთან, გამყრელიძემ საზოგადოებას რეგულაციების დაცვისა და აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ეპიდსიტუაცია კვლავ რთული რჩება ქვეყანაში. ახალი შემთხვევების ყოველდღიური რიცხვი, რომელიც 4000-5000-ს ფარგლებში მერყეობს, წინა კვირასთან მიმართებაში, ოდნავ გაჩნდა გარკვეული ტენდენცია სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ძალიან მაღალ ნიშნულზეა. საქართველოსთვის 4000-5000-მდე ყოველდღიური ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია. ასევე, გამოჩნდა დადებითობის მაჩვენებლის კლების პატარა ტენდენცია, რომელიც 9%-ს ჩამოსცილდა, მაგრამ ბოლო 7-14 დღის რჩება 10%-ის ფარგლებში. გარკვეულად დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსის შემცირება, რომელიც ერთს ჩამოსცდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც დაკავშირებულია სიკვდილიანობასთან, კვლავ მაღალია. ჩვენ ყოველდღიურად, თითქმის უკვე 10 დღეა, გვაქვს 70-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, სამწუხაროდ კოვიდით. ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული და რთულია ქვეყანაში და მის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას არაფერი არ შეაჩერებს, გარდა ვაქცინაციისა და წესების დაცვისა.

რეგულაციებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან, დახურულ და ღია სივრცეში. სამწუხაროდ, ჩამოსულია 37%-ზე პირბადეების ტარების მაჩვენებელი. ხშირად ვიმეორებთ პირბადეს, ის იცავს ინფექციის გავრცელებისგან, გადადებისგან და აუცილებელია ყველამ ვატაროთ პირბადე. თუ 95%-მდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე დავზოგოთ ანუ გადავარჩინოთ. თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. 500 სრულად აცრილი ადამიანი არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე. ბოლო დღეებში ოდნავ გაზრდილია აცრების ყოველდღიური რაოდენობა, დღესაც იყო დაახლოებით 7300-ის ფარგლებში, აქედან გაზრდილია პირველი დოზები და გარკვეულად, ამ წამახალისებელმა ინიციატივებმა, როგორც ჩანს, ცოტა იმუშავა, მაგრამ უფრო აქტიურადაა საჭირო ამ ადამიანების ჩართვა აცრებში. აცრების გარეშე ჩვენ პანდემიას ვერ შევაჩერებთ და გარკვეული პერიოდულობით, ყოველ ორ თვეში გვექნება ტალღები ასეთ მაღალ ნიშნულზე, რომელიც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ფატალურად დამთავრდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 60 წელს ზემოთ ასაკში ადამიანების აცრა, რადგან სიკვდილიანობის 85% სწორედ 60 წელზე უფრო ასაკოვან მოსახლეობაში მოდის. ამიტომ, პირველი სამიზნე ჯგუფი არის ისევ და ისევ მოსახლეობის ეს ასაკობრივი ჯგუფი. დღეს ქვეყანაში არის დაახლოებით 790 ათასი ამ ასაკის მოსახლეობა, აქედან აცრილია მხოლოდ 300 ათასამდე. ამიტომ, საჭიროა კიდევ 400 ათასიდან 500 ათასამდე ამ ასაკის ადამიანის აცრა. თუ გვექნება ამ ასაკში 80-90%-იანი მოცვა, მაშინ სერიოზულად შევამცირებთ ქვეყანაში კოვიდით სიკვდილიანობას და შესაბამისად, შევამცირებთ გავრცელებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა