ბექა დავითულიანი - სააკაშვილს შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ - ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა

ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას - შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პენიტენციურ სისტემას შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აქვს და იქ სააკაშვილს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

“ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა”,- განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება იმას, ხედავს თუ არა “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობას იმაში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დავითულიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე ერთი მხრივ პენიტენციური სისტემის, ხოლო მეორე მხრივ თავად პატიმრის პასუხისმგებლობაა.

“პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით - ერთი ეს არის პენიტენციური სისტემა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, მეორე არის თავად პატიმარი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და თავის თავს რისკის ქვეშ აყენებს. რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს”,- განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში ამ დრომდე არ გადაიყვანა, დავითულიანის თქმით, პენიტენციურმა დაწესებულებამ განაცხადა, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაზე უკეთ უმკურნალებდა და ამას აკეთებს.

“სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა, ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა - შიმშილობის 2 ათასი ფაქტი მაქვს ნამკურნალევი და ნამართი, მაქვს გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს უკეთ ვუმკურნალებ ვიდრე სამოქალაქო კლინიკა. პენიტენციური კლინიკა პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო