ლადო პაპავა - თუ წელს გვექნება 10%-იანი ზრდა, გაისად შესაძლებელია, 6%-ზე მეტი იყოს

თუ წელს გვექნება 10%-იანი ზრდა, გაისად შესაძლებელია, 6%-ზე მეტი იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია გლობალურად როგორ წარიმართება პანდემიური პროცესი, - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ყოველთვის სათანადო დონეზე ვერ აისახა, როგორც რიცხვებშია გამოსახული, ეს იმის გამო, რომ ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

წლის ბოლო ახლოვდება და მთავრობის პროგნოზით, წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. თქვენი შეფასებით, რა ეკონომიკურმა ტენდენციებმა განაპირობა მთავრობის ეს პოზიტიური მოლოდინი?

პრობლემა იმაში გახლავთ, რომ თანამედროვე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჩამოყალიბდა გლობალურად, დაკავშირებულია კოვიდ19-ის პანდემიასთან. ამიტომ, ეს კრიზისი, თავისი ბუნებით, არ არის წმინდა სახის ეკონომიკური კრიზისი. ეს პანდემიითაა გამოწვეული. მაშასადამე, კრიზისის სრული დასრულება, პანდემიის დასრულების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

იმავდროულად, მთელ მსოფლიოში გამოიკვეთა ძალიან საინტერესო ტენდენცია, როცა ქვეყნებმა ისწავლეს პანდემიასთან თანაარსებობა. ეს შეეხება არა მარტო პირბადის ტარებას, ეკონომიკის სრულ ან ნაწილობრივ ჩაკეტვას, არამედ იმასაც, რომ ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად წარმატებით მიდის. სამწუხაროდ, საქართველო ამით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება ქვეყანამ ისწავლა და ამ პირობებში მოხდა ის, რომ თუ 2020 წელს მთავრობა იყო ფრთხილი და ეკონომიკის სერიოზული ჩაკეტვა გვქონდა, 2021 წელს კორონავირუსთან თანაარსებობის შესაძლებლობის პირობებში გახსნა ეკონომიკა და ამან მისცა ძალიან სერიოზული ზრდა. ეს გარკვეული აზრით მოსალოდნელიც იყო. გულწრფელად გითხრათ, მე პირადად ამხელა ზრდას არ ველოდი, მაგრამ ის რიცხვი, რომელიც ახლა დაფიქსირდა საქსტატის მიერ, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

აქ ახლა მთავრია, რომ ეს ზრდა იყოს სტაბილური და არა მხოლოდ ეკონომიკის გახსნის ეფექტით გამოწვეული. სხვა საიტყვებით, ეს ტენდენცია შენარჩუნებულ უნდა იქნას მომავალშიც.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობა წარადგინა, საკმაოდ ოპტიმისტური სცენარია გათვალისწინებული, რომ თუ წელს გვექნება 10%-იანი ზრდა, გაისად შესაძლებელია, 6%-ზე მეტი იყოს.

2022 წლისთვის, შესაძლებელია, რომ 6% ზრდა იყოს?

შეძლება, უფრო მეტიც იყოს. მე ამასაც არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გლობალურად როგორ წარიმართება პანდემიური პროცესი. ვერცერთი ქვეყანა ეპიდემიას ვერ დაამარცხებს, იმიტომ, რომ კოვიდ-19 გლობალური ფენომენია. იცით, რომ კორონავირუსის ახალი შტამები ჩნდება: იქნება თუ არა სირთულეები მომავალში, ამის თქმა შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყოველ 3 თვეში ერთხელ პროგნოზებს აახლებს. ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერ შეცვალა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უფრო გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ხშირად ვისმენთ შედარებებს 2012 წლამდე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა განცხადება, რომ ამჟამად საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოსახლეობის არაერთ ფენაზე ნაწილდება. ამ შეფასებამ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიათქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის გაზრდილი ეკონომიკა წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით? რამდენად ეთანხმებით მას, რომ დღეს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად არის ინკლუზიური ?

ჩვენ ყველა, განსაკუთრებით, თანამდებობის პირები და, კერძოდ, ქალბატონი ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა ვეყრდნობით საქსტატის ინფორმაციას. ოფიციალური სტატისტიკის გათვალისწინებით, ვნახავთ, რომ სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი (იგივე, ჯინის კოეფიციენტი), შემცირებულია. კერძოდ, თუ 2010 წელს იყო - 0,44, ხოლო 2012-ში - 0,42, 2020 წელს არის - 0,37. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მოსახლეობაზე უფრო თანაბრად ხდება შემოსავლების განაწილება. შესაბამისად, ამ კუთხით სიტუაცია 2020 წელს 2010, ან 2012 წლებთან შედარებით ასკარად გაუმჯობესებულია. თანაც, 2019 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 2007 წელთან შედარებით 768 ათასით, 2010 წელთან შედარებით 684 ათასით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 392 ათასით შემცირდა. 2007 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო 1,5 მილიონი ადამიანი, 2010 წელს 1,4 მილიონი, 2012 წელს 1,1 მილიონი, ხოლო 2019 წელს 725 ათასი ადამიანი. 2019 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 19,5% შეადგინა. ეს ოფიციალური სტატისტიკაა.

მაშასადამე, ქალბატონი ნათიას განცხადებები ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკას, რის გამოც მისი დასკვნებიც ჩემში ეჭვს არ იწვევს.

ინკლუზიურობაში გარღვევის მიზნით, მთავრობა ნაბიჯებს ნამდვილად დგამს. აქ აუცილებელია, ქვეყანაში ხელი შეეწყოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, ანუ, ხელი უნდა შეეწყოს მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ახორციელებს საინტერესო პროექტს „აწარმოე საქართველო“ სახით. მე მთავრობას ვურჩევდი ეს პროექტი მეტწილად ორიოენტირებული იყოს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე, ნაკლებად - ტურისტულ სექტორზე, რადგან ტურიზმი მთავრობის მხარდაჭერის გარეშეც შედარებით ადვილად შეძლებს განვითარებას. მრეწველობას და სოფლის მეურნეობას კი, მთავრობიდან მხარდაჭერა ნამდვილად ესაჭიროება. ამ შემთხვევაში, ინკლუზიურობა კიდევ უფრო გაიზარდება.

წლებია უკვე, როგორც თქვენ, ისე სხვა ბევრი ეკონომისტი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის და მრეწველობის პროდუქციის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი. თუმცა, „აწარმოე საქართველოდიდწილად მიმართულია ტურისტულ სექტორზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხდებოდა, რომ სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სექტორებისკენ წასულიყო დაფინანსება, რა უშლიდა ხელს?

ეს ტენდენციები ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ტურიზმს განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭა. ტურიზმის პრიორიტეტულობა მარტივი ასახსნელია. ჯერ ერთი, საქართველოს აქვს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა და გამორჩეული ისტორია, რომელიც ძალიან მიმზიდველია ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან, კლიმატური პირობებიც ხელს უწყობს ამ სექტორის განვითარებას. პრაქტიკულად, წელიწადის ოთხივე დროს შეგიძლია დატვირთო ტურისტულად. თანაც, ტურიზმის განვითარებაში ეფექტი შედარებით სწრაფად და მარტივად დასანახია. ის რომ, თავიდან ტურიზმზე იყო აქცენტი გაკეთებული, ეს არ იყო შეცდომა, მაგრამ, მხოლოდ ტურიზმზე ეკონომიკური პოლიტიკის ფოკუსირება, სასურველი ნამდვილად არ არის. საჭიროა უკვე ეკონომიკის რეალური სექტორის ამოქმედება, რომელიც გარკვეულწილად მოსახლეობის კეთილდღეობაზე უფრო მეტად აისახება.

პანდემიამ აჩვენა, რომ, უწინარეს ყოვლისა, დაზარალდა ტურისტული სექტორი. ამიტომ, სწორედ პანდემიურ პირობებში მოხდა ეკონომიკის გარკვეულწილად რეორიენტირება და მთავრობის ხედვაში მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის კომპონენტმა აშკარად წინ წამოიწია. ამაზე არაერთხელ განაცხადა თვითონ პრემიერ მინისტრმა, ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც ცნობილია „ზოგი ჭირი მარგებელია“... ასე. რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გარკევეული სტიმული მისცა მთავრობას, რომ აქ ცვლილება განეხორციელებინა. თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგებიც არ დააყოვნებს.

სტატისტიკურ მონაცემებს თუ შევხედავთ, საკმაოდ გაზრდილია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი. იგივე თაფლი, რომელიც საერთოდ ვერ გადიოდა საქართველოდან. ანუ, პრობლემა არ შექმნილა ექსპორტის მიმართულებას...

ეს ძალიან კარგია, და მას სჭირდება მხარდაჭერა. ეს არის გარკვეული სტაბილური ზრდის მიღწევის საშუალება. ამავდროულად, უფრო ხანგრძლივი პერსპექტივის ამოცანაც არის გადასაწყვეტი. ეს არის ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა. ვფიქრობ, პანდემიის დასრულებასთან ერთად, მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი უნდა გახდეს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლის საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე პერსპექტიულია.

ნათია თურნავამ სიღარიბის დღეს არსებული მაჩვენებელი 2005-2007 წლებში არსებულ მაჩვენებლებს შეადარა და თქვა, რომ მასთან მიმართებით დღეს უფრო მცირე სიღარიბე, სწორედ ხელისუფლების დამსახურებით არის მიღწეული. როგორ შეაფასებდით მინისტრის ამ მოსაზრებას ? აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აბსოლუტურ რიცხვებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით 34,2%-ით არის გაზრდილი...

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა, და მთელ მსოფლიოში ადგილი აქვს ტენდენციას, როცა ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო - ზოგმა დროებით, ზოგმა სამუდამოდ. უმუშევრობის ზრდამ, თავისთავად გაზარდა სოციალური პრობლემები. სწორედ ამიტომ არის, რომ აშშ-დან დაწყებული ყველა სხვა ქვეყანას აქვს შემუშავებული სპეციალური სოციალური პაკეტები, როგორ დაეხმარონ მოსახლეობას და პირდაპირ ბიუჯეტიდან აძლევენ თანხებს. ეს გლობალური ტენდენციაა, ამიტომ, ის რაც ხდება საქართველში, 2020-2021 წლებში, ეს არის სწორედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგი: მოსახლეობამ დაკარგა შემოსავლი და ბუნებრივია, ამის კომპენსირება ხდება სწორედ ბიუჯეტიდან. ყველა სახელმწიფო ცდილობს იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი შესაბამისი სოციალური პაკეტი შესთავაზოს ადამიანებს. ამერიკამ საკმაოდ სერიოზული სოციალური პაკეტი განახორციელა, როდესაც მოქალაქეებს მისცა 1000-დოლარიანი დახმარება. საქართველოში ეს დახმარება, ქვეყნის ეკონომიკური გავითარების დონიდან გამომდინარე, უფრო მოკრძალებული იყო. კრიზისის დროს სოციალური თემა ყოველთვის მწვავდება. ასე იყო 2007-2009 წლების კრიზის დროს და ასეა დღესაც.

ხშირად წავიკითხავთ ან მოვისმენთ ანალიზს ეკონომიკური ტენდენციების შესახებ სხვადასხვა ექსპერტებისგან, რომლებიც ერთი და იგივე მონაცემების სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ავრცელებენ. რას უნდა მიაქციოს ყურადღება საზოგადოებამ, რომ რეალური სურათი დაინახოს?

პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ბევრს სწორად არ აქვს აღქმული ეკონომიკური ზრდა, ზოგს ის ეკონომიკური კეთილდღეობის სინონიმი ჰგონია. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური კეთილდღეობა ორი განსხვავებული მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდა არის რამდენად გაიზარდა ეკონომიკა, ეკონომიკური კეთილდღეობა არის - რამდენად გაუმჯობესდა ადამინების ცხოვრება ეკონომიკური თვალსაზრისით. აი აქ მართლაც არის დღეს პრობლემა. როდესაც 9 თვეში გვქონდა 11%-ზე მაღალი ზრდა და ეს წელი სავარაუდოდ, იქნება არანაკლებ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობაში ჩნდება სერიოზული ეჭვი, კი მაგრამ, რატომ არ ისახება ეს ჩვენს კეთილდღეობაზეო. პასუხი არის ძალიან მარტივი, მართალია, ჩვენ გვაქვს 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ თითქმის 13%-იანი ინფლაციაა ქვეყანაში. როცა ინფლაცია ასეთი მაღალია, კიდევ კარგი, რომ 11%-ანი ზრდა გვაქვს, თორემ, მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ასე, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ, სად არის პრობლემა. პრობლემა არ არის ეკონომიკურ ზრდაში. პირიქით, ეკონომიკური ზრდა პოზიტიურ სიგნალს იძლევა, პრობლემა არის ინფლაციაში. ვისი პრეროგატივაა ინფლაცია? მოდით, ესეც განვიხილოთ...

სწორედ ამაზე გვინდოდა გვეკითხა, ეს ძალიან სენსიტიური თემაა მოსახლეობისთვის. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ინფლაცია ასეთი მაღალი? ეს მხოლოდ პანდემიას უკავშირდება თუ არის ხელისუფლების, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების გამო?

ინფლაციის ზრდის ტენდენცია არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ეს გლობალურია. კერძოდ, კოვიდ19-ის პანდემიის დროს მოხდა მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა. ამან გამოიწვია მიწოდების შემცირება, შესაბამისად, ფასების ზრდა. სხვა სიტყვებით, ეს გლობალური ტენდენციაა. მაგრამ ახლა ვნახოთ, ჩვენი სინამდვილე რა არის. სინამდვილე ის არის, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონით, ინფლაციის „პატრონი“ სწორედ ეს ინსტიტუციაა. თუმცა, ინფლაციას დღეს მსოფლიში პრაქტიკულად ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ მართავს, რადგან როგორც გითხარით, ეს პანდემიით გამოწვეული მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევით არის შექმნილი.

თუმცა, ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი მოქნილობა ინფლაციის მართვაში. მარტო იმის თქმა, რომ ინფლაცია შემცირდება ერთ წელიწადში, ან თუნდაც 6 თვეში, საკმარისი არ არის. მან უნდა იმოქმედოს უფრო აქტიურად ან კანონში შეიცვალოს ჩანაწერი და ნუღარ იქნება ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებელი.

ჩვენი მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ეკონომიკური ზრდა თუ ვერ აისახა ისე ადეკვატურად, როგორც ველოდით, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ქვეყანაში ინფლაცია აჭარბებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ეროვნულმა ბანკმა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდეს?

საქმე იმაშია, რომ დღეს ამაზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმმა თავისი დრო მოჭამა. ეს უკვე მოძველებული სისტემაა. ის არა მარტო საქართველოში, არამედ პრაქტიკულად ვერსად ამართლებს. ამიტომ, ამ სისტემის შეცვლაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ის ამოცანაა, რომელიც საქართველოს კომპეტენციას გარკეულწილად სცდება. ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდია. სავარაუდოდ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეცვლა გარდაუვალია. მე არ ვიცი, რამდენ ხანში მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ შეიძლება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი გვქონდეს 3% და ინფლაცია აღწევდეს 13%-ს ?! მაშასადამე, ეს მექანიზმი არ მუშაობს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციით და უფლებამოსილებით რაიმე პრინციპულ ცვლილებას ვერ განახორციელებს, სანამ გლობალურად არ შეიცვლება მიდგომები. თუმცა, ჩვენ რამდენი ხანია ვურჩევთ ეროვნულ ბანკის ხელმძღვანელობას, რომ თარგეთირების რეჟიმის შეცვლაზე დააყენოს საკითხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რადგან ეს სისტემა პანდემიის პირობებში, როგორც კარგად ვხედავთ, მით უფრო, არ მუშობს.

ნინი ქეთელაური

"ინტერპრესნიუსი"

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა