დავით ზალკალიანი - აქტიურად ვმუშაობთ დეკემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სამიტის დეკლარაციაში ავსახოთ

აქტიურად ვმუშაობთ დეკემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სამიტის დეკლარაციაში ავსახოთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 15 დეკემბერს გაიმართება.

„სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და მოლოდინების ასახვის მიზნით, გაიმართა მთელი რიგი შეხვედრები და ღონისძიებები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ისე წევრ ქვეყნებთან, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იყო 15 ნოემბერს გამართულ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მინისტერიალში მონაწილეობა, სადაც პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა მიეცათ კიდევ ერთხელ სამიტამდე, მაღალ დონეზე ემსჯელათ თანამშრომლობის ამ ფორმატის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მომავალ მიზნებზე, ხოლო ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელთა ასახვაც მიზანშეწონილია სამიტის დეკლარაციის ტექსტში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მიერ, ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამ კუთხით, აღინიშნა ქალაქ ბრიუსელში გამართული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა დადებითად შეაფასა გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

დავით ზალკალიანის თქმით, 2021 წელს მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანსაც სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება წარმოადგენს. მინისტრმა ასევე აღნიშნა 2021 წელს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ასოცირებული ტრიოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესაბამისი ანგარიში.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებული 5 საფლაგმანო პროექტის განხორციელების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკაზე, მათ შორის აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრისას,

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა და 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

დავით ზალკალიანის თქმით, აქტიური ძალისხმევა ასევე იქნება მიმართული საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის ძირითადი პარტნიორის როლის კონსოლიდაციისკენ, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ტრანსფორმაცისკენ, რაც გულისხმობს დიფერენციაციის პრინციპის საფუძველზე მონაწილე ქვეყნების პრიორიტეტებზე ფოკუსირების გაზრდას; ხაზი ასევე გაესვა ასოცირების შეთანხმების რეალიზაციას, DCFTA-ის შესაძლებლობებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის პრიორიტეტების განხორციელებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო